ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა სანქციების მე-16 პაკეტი, რომელიც სამი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა.
„უკვე სამი წელია, რუსეთი დაუნდობლად ბომბავს უკრაინას, ცდილობს მიითვისოს მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნის“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა. „ეჭვგარეშეა, ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა ზღოს და აგოს პასუხი ამ ომისთვის. ყოველი სანქციების პაკეტი კრემლს ომის საწარმოებლად სახსრებს ართმევს“.
სანქციების მე-16 პაკეტში, რომელიც ევროკავშირის ელჩებმა გასულ კვირას დაამტკიცეს, 48 პირი და 35 სუბიექტია შესული. პაკეტი აფართოებს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ – ტანკერების ჯგუფი, რომელიც სანქციების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება. კერძოდ, სანქცირებული ტანკერების სიას კიდევ 73 გემი დაემატა და, შედეგად, ჩამონათვალი 153-მდე გაიზარდა.
ევროკავშირმა ასევე დააწესა ტრანზაქციის აკრძალვა რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ფინანსური შეტყობინებების გადაცემის რუსულ სისტემას (SPFS) იყენებენ. ცნობისთვის, SPFS გადახდის საერთაშორისო სისტემა SWIFT-ის რუსული ალტერნატივაა. ამასთან, SWIFT-ის გადახდის სისტემიდან დამატებით 13 რუსული ბანკი გათიშა.
პაკეტი ასევე მოიცავს 53 სუბიექტს, რომლებიც რუსეთის სამხედრო და სამრეწველო მიმართულებით განვითარებას მხარს უჭერენ, ასევე რვა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემას, როგორიცაა Eurasia Daily, Lenta, Tvzvezda და სხვა.
ევროკავშირმა დამატებითი სანქციები ბელარუსის წინააღმდეგაც დააწესა, რომელთა დახმარებითაც ეცდება, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის მცდელობები შეაფერხოს. სანქციები მოიცავს მომსახურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის ან მიწოდების შეზღუდვებს. ბელარუსში სანქცირებულთა შორის მოხვდნენ ქვეყნის სამხედრო და სამრეწველო მიმართულების მხარდამჭერი პირები და კომპანიები.