რა მდგომარეობაა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლის თავზე?

რა მდგომარეობაა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი წლის თავზე?

დღეს, 2025 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი წელი გავიდა. სამი წლის წინ, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყეს. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის შეირაღებული ძალების წინსვლა შეუქცევადი ჩანდა, რასაც დასავლური სადაზვერვო სამსახურების ანგარიშებიც ადასტურებდა. დასავლელი პარტნიორები კიევის რამდენიმე დღეში დაცემას პროგნოზირებდნენ. თუმცა ყველასათვის მოულოდნელად უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება მაღალი აღმოჩნდა და ომი უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს.

უკრაინის წარმატებულ თავდაცვაში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ აღმოჩენილმა ფინანსურმა და სამხედრო დახმარებებმა. მიუხედავად უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ ძალისხმევის გაძლიერების მოთხოვნისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არსებული და მიწოდებული რესურსების გამოყენებით, რუსეთის არმიისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. ომის პირველ წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების თითქმის 35-40% დაიკავა, მოგვიანებით კი წარმატებული კონტრშეტევების ფონზე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ზომა დღევანდელი მოცემულობით 20%-მდე შემცირდა. დღეს რუსეთი უკრაინაში დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონების 75%-ს, ასევე ანექსირებულ ყირიმს აკონტროლებს.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით, ამერიკული დელეგაცია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებელ შეხვედრებს აწარმოებს. დონალდ ტრამპი აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარებების გაქრობის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აქვეყნებს. პარალელურად, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საკუთარ პირობებს საჯაროდ აცხადებს, რაც უკრაინის მიერ ნატოს წევრობის პერსპექტივაზე უარის თქმას და ზემოთ აღნიშნული რეგიონებიდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჯერჯერობით ჩართული არ არის თავად უკრაინა და ევროპული თანამეგობრობა. დაგეგმილია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაც, რაც პროცესში გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევა. შესრულდება თუ არა ომის მეოთხე წელიწადი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებით დასრულდება აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული მოლაპარაკებები და რამდენად მიიღებს შეთანხმებულ პირობებს უკრაინის ხელისუფლება.

ომი რიცხვებში

ომის სამი წლის თავზე საინტერესოა, თუ როგორ გამოიყურება კონფლიქტი რიცხვებში. ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, ომს 45,000-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 380,000-ს აღემატება. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 200,000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. გაეროს მონაცემებით, დადასტურებულია უკრაინაში 12,654 სამოქალაქო პირის გარდაცვალება, რომელთა შორისაც 669 მცირეწლოვანია. 20,000-ზე მეტი არასრულწლოვანი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადაასახლეს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 6.9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი აღირიცხება, რომელთა უმეტესობაც ევროპულ სახელმწიფოებში ცხოვრობს. 4 მილიონზე მეტი ადამიანი კი საკუთარი საცხოვრებლიდან იძულებით გადაადგილდა. 2024 წელს უკრაინაში სამუდამოდ დაბრუნების მსურველთა რაოდენობა წინა წლის 19%-დან 7%-მდე შემცირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ომი ამ მომენტამდე $320 მილიარდი დაუჯდა, რომლის უმეტესობაც ქვეყანამ საკუთარი ხარჯებით დააფინანსა. უკრაინაში ინფლაციის მაჩვენებელი ამჟამად 12.9%-იან ნიშნულზეა. პენტაგონის მონაცემებით, რუსეთისთვის ომის დანახარჯი $211 მილიარდს შეადგენს. რუსეთში, რომლის მშპ-ც შარშან 3.6%-ით $2 ტრილიონამდე გაიზარდა, ინფლაციის მაჩვენებელი 9.9%-იან ნიშნულზეა. საინტერესოა, რომ რუსეთი სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ს სწორედ თავდაცვაზე ხარჯავს, რაც მშპ-ის დაახლოებით 8%-ს შეადგენს. მხოლოდ 2024 წელს რუსეთმა თავდაცვისთვის $140.5 მილიარდი გამოყო.

ომის დაწყებიდან მალევე რუსეთს სანქციები თითქმის მთელმა დასავლურმა სამყარომ დაუწესა. ამჟამად მხოლოდ აშშ-ს რუსეთის მოქალაქეების, იურიდიული პირებისა და მთავრობის წევრებისთვის 7,384 ინდივიდუალური სანქცია აქვს დაწესებული. ევროკავშირის მიერ ერთობლივად დაწესებული სანქციების რაოდენობა კი 2,482-ს შეადგენს.

სამი წლის განმავლობაში 42-მა ქვეყანამ ჯამში უკრაინის დასახმარებლად $280 მილიარდზე მეტი გამოყო. ამ თანხის უმეტესი ნაწილი სამხედრო აღჭურვილობაზე მოდის, ნაწილი კი ჰუმანიტარულ, ასევე ფინანსურ დახმარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი უკრაინისთვის $350 მილიარდის მოცულობის დახმარების გადაცემას ირწმუნება, ოფიციალური მონაცემებით, აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით $67 მილიარდი, ხოლო ჰუმანიტარულ-ფინანსური დახმარების სახით $52 მილიარდი გადასცა.

სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინის დანგრეული ინფრასტრუქტურის, საჯარო და სამედიცინო დაწესებულებების აღსადგენად საჭირო ფინანსების მოცულობა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მაღალი იქნება. თუმცა ამის დასადგენად საჭიროა, თავდაპირველად ომი დასრულდეს.