Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,892 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის იანვართან შედარებით 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თუმცა, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 2.9%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ძირითადად ფასების ზრდამ განაპირობა.
კერძოდ, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 24.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 8.8%-იანი, ხოლო ქალაქის ცენტრში 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის იანვარში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 7.1%-ით გაიზარდა,“ – განმარტავს Colliers Georgia.
მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ძველი ბინების შემთხვევაშიც. 2024 წლის იანვართან შედარებით, გასულ თვეში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12.5%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 10.4% და 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ახლახან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკით ბინის შეძენაზე რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, ფიზიკური პირი იპოთეკური სესხის გამოტანისას შეძლებს, პირველადი შენატანის სახით ბინის ღირებულების 10% დაფაროს, დარჩენილი 90% კი კრედიტით უზრუნველყოს. ამ დრომდე, ფიზიკურ პირს პირველადი შენატანისთვის ბინის ღირებულების 15%-ის დაფარვა სჭირდებოდა, რაც ახალი დაშვებით 5%-ით შემცირდა. თუმცა, რეგულაციებს მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს და უცნობია, როდემდე შენარჩუნდება სებ-ის შეღავათები.
აქვე გეტყვით, რომ 2025 წლის იანვარში ქართული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურ ჭრილში 2%-ით გაიზარდა და 246 მილიონი ლარი შეადგინა.