სავაჭრო ომი დაიწყო: ტრამპის მიერ კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები ამოქმედდა

სავაჭრო ომი დაიწყო: ტრამპის მიერ კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები ამოქმედდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები დღეიდან ძალაში შევიდა. გარდა ამისა, დღესვე ამოქმედდა ჩინურ საქონელზე 20%-მდე გაორმაგებული გადასახადი. აშშ სამ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ახალ კონფლიქტებში გაეხვა.

ახალი სატარიფო გეგმა ძალაში თბილისის დროით 09:01 საათიდან შევიდა. მის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს აშშ-ში ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შედინების აღკვეთა, შესაბამისად, გადასახადების ამოქმედების თარიღი აღარ გადავადდება.

საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-ის რიგი საქონლის იმპორტზე დამატებით 10%-15%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა. როგორც ირკვევა, ახალი გადასახადები ძალაში 10 მარტიდან შევა.

კანადამ და მექსიკამ, რომლებიც სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებით სარგებლობდნენ, ტრამპის ნაბიჯების შემდეგ პარტნიორობის დაუყოვნებლივ გადახედვა დააანონსეს.

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ოტავა ამ ნაბიჯს დაუყოვნებლივ უპასუხებს 25%-იანი ტარიფებით 30 მილიარდი კანადური დოლარის (20.7 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების ამერიკულ იმპორტზე და დამატებით 125 მილიარდი კანადური დოლარის (86.2 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების საქონელზე, თუ ტრამპის ტარიფები მომდევნო 21 დღეში ძალაში დარჩება.

„ტარიფები შეაფერხებს წარმოუდგენლად წარმატებულ სავაჭრო ურთიერთობებს“, – განაცხადა ტრუდომ და დასძინა, რომ ეს ქმედება აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაარღვევს, რომელსაც ტრამპმა ხელი მისი პირველი ვადის განმავლობაში მოაწერა.

მექსიკის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი სავარაუდოდ საპასუხო ნაბიჯებს დღეს, 4 მარტს, მეხიკოში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.

რაც შეეხება ჩინეთს, ჩინურ საქონელზე 10%-იანი გადასახადი ემატება ტრამპის მიერ 4 თებერვალს უკვე დაწესებულ 10%-იან ტარიფს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, მისივე განმარტებით, ქვეყანაში ფენტანილის კრიზისის გამო პეკინის დასასჯელად დააწესა. კუმულაციური 20%-იანი გადასახადი ასევე ემატება 25%-მდე ტარიფებს, რომლებიც ტრამპმა მისი პირველი ვადის განმავლობაში, დაახლოებით 370 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დააწესა.