მასკის ხარჯვის $1-იანმა ლიმიტმა ფედერალური სააგენტოების პარალიზება გამოიწვია

მასკის ხარჯვის $1-იანმა ლიმიტმა ფედერალური სააგენტოების პარალიზება გამოიწვია

გასულ თვეში, ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობის მიერ გაცემულ საკრედიტო ბარათებზე, რომლებსაც ფედერალური თანამშრომლები მოგზაურობისა და სამუშაო ხარჯების დასაფარად იყენებენ, ხარჯვის $1-დოლარიანი ლიმიტი დააწესა. როგორც აღმოჩნდა, DOGE-ის მანდატით საკრედიტო ბარათების გაყინვა კრიტიკული მარაგების მიწოდებას აჭიანურებს, მგზავრობას აჩერებს და თანამშრომლებს სამუშაოს შესრულებაში აბრკოლებს.

როგორც Wired-ი იტყობინება, ამ ლიმიტის გამო, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციაში მეცნიერებს არ შეუძლიათ შეუკვეთონ აღჭურვილობა, რომელიც გემებისა და რადარების შესაკეთებლად გამოიყენება. სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში კი ლაბორატორიებისთვის ძირითადი მარაგების შეკვეთაა შეფერხებული. ეროვნული პარკის სამსახურში თანამშრომლები აუქმებენ მოგზაურობებს გადამწყვეტი ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით. სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ფედერალურ ავიაციის ადმინისტრაციაში თანამშრომლები შიშობენ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა, კრიტიკული მნიშვნელობის პროექტების განვითარება შეაჩეროს.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი, რომელიც მღრღნელებში ახალი ვაქცინების ეფექტიანობას ამოწმებს, ამბობს, რომ მას ექსპერიმენტების შეჩერება მოუწია, რადგან ლაბორატორიას აღარ შეუძლია საჭირო მასალების მიღება, მათ შორის, როგორიცაა ანტისხეულები. მკვლევრის თქმით, ამ პაუზის გამო მღრღნელები, რომლებიც ცდებში მონაწილეობენ, დაბერდებიან და კვლევებში ვეღარ გამოიყენებენ.

FDA-ს ლაბორატორიებში, სადაც აანალიზებენ ნიმუშებს, რათა საკვების, წამლების, სამედიცინო მოწყობილობებისა და კოსმეტიკის უსაფრთხოება შეამოწმონ, უკვე განიცდიან საჭირო მასალის დეფიციტს.

როგორც აღვნიშნეთ, ფედერალური სააგენტოების პარალიზება ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ინიციატივას უკავშირდება. მისი თქმით, DOGE მთავრობის უმსხვილესი საკრედიტო ბარათების პროგრამის „გამარტივებაზე“ მუშაობს. გასულ ოთხშაბათს სააგენტომ განაცხადა, რომ 24 000 ბარათი იყო დეაქტივირებული.

ცნობისთვის, გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის (GSA) SmartPay-ბარათების პროგრამა ფედერალურ თანამშრომლებს შესყიდვის ტიპური პროცესის გვერდის ავლის პრივილეგიას ანიჭებს, რომელიც საქონლისა და მომსახურების შესაძენად არის საჭირო. ვაჭრობის დეპარტამენტის ჯერ კიდევ 2002 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „შესყიდვების ფორმალური პროცესის თავიდან აცილებით, GSA წლიურ დანაზოგს 1.2 მილიარდ დოლარად აფასებს“. ეს ბარათები ასევე საშუალებას აძლევს ფედერალურ თანამშრომლებს, გაყიდვების გადასახადი თავიდან აიცილონ. SmartPay-პროგრამა 250-ზე მეტ ფედერალურ სააგენტოსა და ორგანიზაციას აერთიანებს.