8 მარტს, ჩინეთმა კანადიდან იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფები დააწესა. როგორც ირკვევა, გადასახადები საერთო ჯამში 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე გავრცელდება. ეს ჩინეთის საპასუხო ნაბიჯია კანადის მიერ ოქტომბერში დაწესებულ საბაჟო გადასახადებზე, რაც ბოლო პერიოდში გამძაფრებულ სავაჭრო ომში ახალ ფრონტს ხსნის.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ახალი ტარიფები ძალაში 20 მარტიდან შევა. გადასახადები შეესაბამება 25%-იან და 100%-იან ტარიფებს, რომლებიც კანადამ ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე გასული წლის ოქტომბერში დააწესა.
„კანადის მიერ მიღებული ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის კლასიკურ გამოვლინებას და დისკრიმინაციულ ნაბიჯს, რომელიც ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს“, – აღნიშნულია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
ბოლო პერიოდში ვაჭრობის სფეროში დაძაბულობა არა მხოლოდ ჩინეთსა და კანადას, არამედ სხვა ქვეყნებს შორისაც გაიზარდა. ეს კი დიდწილად დონალდ ტრამპის ტარიფების პოლიტიკით არის განპირობებული. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 10%-იანი ტარიფები დააწესა, რასაც ჩინეთმა საპასუხო ტარიფებით უპასუხა. ამის გამო, ცოტა ხნის წინ, ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული გადასახადები დამატებით 10%-ით გაზარდა.
ჩინეთის გარდა, აშშ-მა ტარიფები მექსიკისა და კანადის პროდუქციის იმპორტზეც დააწესა. აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ 25%-იანი გადასახადები 4 მარტს შევიდა ძალაში. თუმცა რამდენიმე დღეში, მოლაპარაკებების შედეგად, დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკა-კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით (USMCA) გათვალისწინებული პროდუქციისთვის ტარიფები ერთი თვით, 2 აპრილამდე შეაჩერა.
ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა ტარიფები გლობალურ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს, კერძოდ პროდუქციის ფასები გაზარდოს და საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა შეამციროს.