ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემაზე თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრები” ბათუმში გაიმართა

ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემაზე  თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრები” ბათუმში გაიმართა

ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები – ამ თემით  ბათუმმა 2025 წლის თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“  პირველ სესიას  უმასპინძლა. თემის ირგვლივ საუბრები არაერთ მნიშვნელოვან საკითხს  შეეხო, მათ შორის – თუ როგორ უნდა მოახერხოს ორგანიზაციამ ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და სტრუქტურის გაუმჯობესება, რა თანმიმდევრული  ნაბიჯები უნდა  გადადგას ფინანსების მოძიებისა და სწორად დაგეგმარებისათვის. 

როგორ წესი, ესა თუ ის ბიზნეს ორგანიზაცია  განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. აღნიშნულ პროცესს შეიძლება როგორც წინსვლა, ასევე უკუსვლა ახლდეს, შესაბამისად, აუცილებელია  მენეჯერმა, ხელმძღვანელმა სწორად განსაზღვროს და დაგეგმოს კომპანიის განვითარების დინამიკა, რათა არ მოხდეს განვითარების განგრძობადი პროცესების შეჩერება ან შეწყვეტა. შეხვედრის მონაწილეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, სადისკუსიო თემის ირგვლივ თავიანთ გამოცდილებასა და მიდგომებზე ფინანსური ექსპერტი  შალვა ახრახაძე, „ლუკა პოლარეს“ გენერალური დირექტორი  თიკო გობეჯიშვილი და კოოპერატივ „მოცვნარის“ დირექტორი ჯემალ ცეცხლაძე ესაუბრა. 

 “დღეს ვისაუბრე, როგორც ბიზნესის გამოცდილებიდან, ასევე საკონსულტაციო გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში, სულ სხვადასხვა ინდუსტრიაში, სხვადასხვა მასშტაბის ბიზნესსა და ფინანსურ ლაბორატორიაში დაგროვდა და მაქსიმალურად შევეცადე   ეს გამოცდილება მიმეტანა მსმენელამდე, რათა მათ უკეთ დაინახონ, შეაფასონ და შეძლონ თავიანთი ბიზნესის პერსპექტივების ანალიზი”, – აღნიშნა შალვა ახრახაძემ.

 “ლუკა პოლარეს” გენერალურმა დირექტორმა თიკო გობეჯიშვილმა  იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც პატარა კომპანიებს დიდ კომპანიებად ჩამოყალიბების, ერთგვარი ტრანსფორმაციის პროცესში უდგათ.  

 “ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და უნდა ვაწარმოებდეთ სწორ დაგეგმვას რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და საით გვინდა რომ ჩვენი კომპანია წავიდეს. ამავდროულად, უნდა გვქონდეს სწორი ფინანსური დაგეგმარება  და გათვლა იმისთვის, რასაც გვინდა რომ მივაღწიოთ.  ორგანიზაციის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს თანამშრომლებთან სწორ კომუნიკაციას, მათზე ზრუნვას, მათში მეტი მოტივაციის გაღვივებას. როდესაც იზრდება კომპანია, მას მეტად სჭირდება თანამშრომლებთან სწორი მუშაობა, რათა მათ შეძლონ სამუშაოს სწორად გადანაწილება, რთული ოპერაციების გამკლავება. პატარა კომპანიები მოქნილია, ყველა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ, როდესაც იზრდება კომპანია, ამ დროს მეტი ფორმალობები შემოდის, სტრუქტურა იცვლება, როლები ჩნდება. შესაბამისად, ამ დროს მნიშვნელოვანია სწორი ტექნოლოგიების შემოტანა,  ტექნოლოგიებში ვგულისხმობ როგორც დანადგარებს, ასევე ERP-ის სისტემებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ წარმადობა და უკეთესად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებელს. უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ორგანიზაცია ისე, რომ გაიზარდოს ჩვენი პროდუქციის ხარისხი. სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება, ხარისხს აღარ აქცევენ ყურადღებას, რაც სრულებით დამაზიანებელია ორგანიზაციული ზრდისა და განვითარებისთვის”, – აღნიშნა თიკო გობეჯიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეძლო “ლუკა პოლარემ” საზოგადოებაში ნდობის მოპოვება და ამდენი წლის განმავლობაში მისი შენარჩუნება, გენერალურმა მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ამის მიზეზი მომხმარებელთან გულწრფელი ურთიერთობა, ასევე მათ საჭიროებებზე მორგება და მაღალი ხარისხია, რომელსაც არასდროს ღალატობენ. 

დისკუსიის მონაწილეებს თავის ბიზნესსა და გავლილ ეტაპებზე  საინტერესო გამოცდილება გაუზიარა “მოცვნარის” დირექტორმა ჯემალ ცეცხლაძემ. მისი განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მოცვის წარმოება ახალი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში, საკმარისი კვალიფიციური ცოდნა და კომპენსაცია არ არის იმისათვის, რომ უფრო მარტივად, გამართულად და სწორი დაგეგმარებით მოხდეს მთელი რიგი პროცესების მართვა. 

“უშუალოდ, ოპერაციის პირობებში თავს იჩენს სხვადასხვა სახის შეცდომა, რომელიც აფერხებს კომპანიის განვითარებას.  მაგრამ, ეს უკვე წარსულია ჩემთვის, რადგან, დროთა განმავლობაში შესაბამისი ცოდნა დაგროვდა, უკვე ახალი პროექტების განხორციელება დავიწყეთ, უფრო მეტი გამოცდილებითა და კომპეტენციით, რომლისთვისაც  გამოვიყენეთ როგორც შიდა რესურსი, ასევე ვიწვევდით კვალიფიციურ სპეციალისტებს. ისინი გვეხმარებოდნენ სხვადასხვა საოპერაციო პროცედურების დაგეგმვაში, მომსახურე პერსონალის კვალიფიციურ გადამზადებაში. გვიზიარებდნენ თავიანთ ქვეყნებში არსებულ, წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას. დღეს, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საქმიანობა ერთგვარად წარმატებულად ითვლება, უკვე გაგვაჩნია ინტენსიური, გამართული ბაღები, რომელიც  თამამად გვაძლევს სოლიდური სამომავლო პერსპექტივის შესაძლებლობას. ჩვენც, ვცდილობთ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ როგორც საკუთარი წარმოების კუთხით, ასევე გავუზიაროთ ახალდამწყებ სხვა კომპანიებსაც, რომლებიც დაინტერესებული არიან მოცვის წარმოებით.”, – აღნიშნა ჯემალ ცეცხლაძემ. 

როგორც სპიკერებმა, ასევე შეხვედრის მონაწილეებმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრების” სერია ძალიან კარგი პლატფორმაა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ. ის სივრცეა, სადაც ადამიანები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და ერთად ეძებენ გზებს, ამა თუ იმ მიმართულებით არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.