ასტრონომების თქმით, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის ყველაზე იმედისმომცემი ნიშნები აღმოაჩინეს

ასტრონომების თქმით, დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის ყველაზე იმედისმომცემი ნიშნები აღმოაჩინეს

ასტრონომთა ჯგუფმა, ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, ეგზოპლანეტა K2-18b-ზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. მათი თქმით, ეს არის ამ დრომდე მიკვლეული ყველაზე ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლე შესაძლოა დედამიწის მიღმაც არსებობდეს. მეცნიერების კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

დიდ ბრიტანეთში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების ხელმძღვანელობით, ასტრონომთა ჯგუფმა მზის სისტემიდან 124 სინათლის წლით დაშორებული პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებები — დიმეთილსულფიდი და დიმეთილდისულფიდი დააფიქსირა. ამ ნივთიერებების არსებობა დედამიწაზე მხოლოდ მიკრობული სიცოცხლით არის განპირობებული, მათ შორის ზღვის ფიტოპლანქტონებით. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეგზოპლანეტაზე ამ მოლეკულების კონცენტრაცია დედამიწასთან შედარებით გაცილებით მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ეს ნივთიერებები სიცოცხლის პროდუქტია, მკვლევრები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, რომ მათი არსებობის წყაროს K2-18b-ზეც ეს წარმოადგენს. მაგალითად, დიმეთილსულფიდი აღმოჩენილია ერთ-ერთი კომეტის ზედაპირზეც, სადაც სიცოცხლის კვლას ვერ მიაგნეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა სიცოცხლისგან დამოუკიდებლადაც წარმოიქმნებოდეს. ასტრონომების თქმით, ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეს მოლეკულები უცნობი ქიმიური პროცესის შედეგია, საუკეთესო შემთხვევაში კი — ეგზოპლანეტაზე შეიძლება “პლანქტონებით სავსე ოკეანე” იყოს.

K2-18b დედამიწას ზომით დაახლოებით 2.6-ჯერ აღემატება და წითელი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს იმ ზონაში, სადაც თეორიულად შეიძლება თხევადი წყალი არსებობდეს. თუმცა ის არ არის დედამიწის ანალოგი. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების სწორედ ამავე ჯგუფმა 2021 წელს საზოგადოებას ჰიკეანე პლანეტის (Hycean) ცნება გააცნო — ეს არის სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე პლანეტის ჰიპოთეზური ტიპი, რომელიც ცხელ, წყლით დაფარულ ობიექტს უნდა წარმოადგენდეს, წყალბადით მდიდარი ატმოსფეროთი.

მეცნიერების განცხადებით, K2-18b ჰიკეანე პლანეტის საუკეთესო მაგალითია. ასეთი ობიექტები კი შეიძლება თავისი ვარსკვლავისკენ მუდმივად ერთ მხარეს იყვნენ მიბრუნებულნი. ეს იმას ნიშნავს ეგზოპლანეტის ერთი მხარე მუდამ განათებულია, მეორე კი – მუდამ ბნელი.

NASA-ს მიხედვით, K2-18b ისეთ აქტიურ წითელ ჯუჯა ვარსკვლავთან მდებარეობს, რომ მისი ზედაპირი, სავარაუდოდ, მაღალი ენერგიის გამოსხივებით არის გაჯერებული — ეს კი, დედამიწასთან შედარებით, სიცოცხლისთვის უფრო მტრულ გარემოს ქმნის. თუმცა ჰიკეანე პლანეტის თეორია მეცნიერებს საშუალებას აძლევს, სიცოცხლის არსებობა სრულიად განსხვავებულ, არადედამიწურ გარემოებშიც კი წარმოიდგინონ.

ჯეიმს უების ტელესკოპი K2-18b-ზე დაკვირვებებს გააგრძელებს, რისი დახმარებითაც მეცნიერები შეეცდებიან, საკუთარი ვარაუდი დაადასტურონ ან უარყონ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება რთული იქნება, რადგან ამ ეგზოპლანეტამდე მიღწევა დღეს ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია — თუნდაც NASA-ს ყველაზე სწრაფი კოსმოსური ხომალდით, Parker Solar Probe-ით, იქამდე მისვლას დაახლოებით 190,000 წელი დასჭირდება.