რომის პაპი ფრანცისკე, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ვატიკანის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დეპარტამენტის მიერ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ინსულტი დასახელდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე პაპი საჯაროდ, 20 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას გამოჩნდა, მანამდე კი შშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც შეხვდა.
კათოლიკური ეკლესიის რიგით 267-ე პაპსა და ვატიკანის სახელმწიფოს მომავალ მეთაურს კარდინალთა კოლეგია, სავარაუდოდ, მაისში აირჩევს. მანამდე კი ფართო საზოგადოება აქტიურად განიხილავს, თუ ვინ იქნება ის კანდიდატი, რომელიც შეძლებს, კათოლიკურ ეკლესიას საუკეთესოდ უხელმძღვანელოს, ერთი მხრივ, როგორც სულიერმა ლიდერმა, ამასთან ერთად კი, კარგმა „მენეჯერმა“ და „ვატიკანის აღმასრულებელმა დირექტორმა“. დებატებს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ პირველი სამხრეთამერიკელი პაპის გარდაცვალება საკმაოდ კრიტიკულ მომენტს დაემთხვა, მათ შორის – ფინანსურადაც. ამერიკულმა Forbes-მა სწორედ იმ დიდ ფინანსურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა წინაშეც ახალი პაპი აღმოჩნდება.
ვატიკანი 1.4 მილიარდი კათოლიკის სულიერ სახლთან ერთად სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც მილიარდობით ღირებულების უძრავი ქონების იმპერია, საკუთარი საბანკო სისტემა და 183 ქვეყანაში საელჩოები აქვს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პაპმა ფრანცისკემ უპრეცედენტო ფინანსური რეფორმები წამოიწყო, რომელთა მიზანიც ისტორიულად საიდუმლო სისტემაში გამჭვირვალობისა და თანამედროვე ფინანსური სტანდარტების დანერგვა იყო.
გამჭვირვალობამ განსაკუთრებული აქტუალობა 2012 წელს, ჯერ კიდევ პაპი ფრანცისკეს მოსვლამდე შეიძინა. ევროპულმა საზედამხედველო ორგანომ, Moneyval-მა, რომელიც ფულის გათეთრებასა და ფინანსურ ტერორიზმს ებრძვის, ვატიკანის ბანკში – ოფიციალურად რელიგიის საქმეთა ინსტიტუტში (IOR) – არასწორი ფინანსური მენეჯმენტი გამოავლინა. Moneyval-მა ამ ფაქტზე 241-გვერდიანი სააუდიტო დასკვნაც გამოაქვეყნა.
IOR-ი, 8 მილიარდი დოლარის აქტივებითა და 33,000 ანგარიშით, 1942 წლიდან, მისი შექმნიდან მოყოლებული, ფულის გათეთრებასა და სკანდალებში შემჩნეული არაერთგზის ყოფილა. მათ შორის საქმე ნაცისტური ეპოქის გარიგებებიდან მიღებულ მოგებებსაც ეხებოდა. Moneyval-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ ვატიკანმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ძირითადი სტანდარტები ვერ შეასრულა, რამაც მის სანდოობაზე ეჭვი გააჩინა.
2013 წელს, თანამდებობის დაკავებისას, პაპმა ფრანცისკემ ფინანსური რეფორმა მის მთავარ პრიორიტეტად აქცია. მან ვატიკანის ფინანსების გაწმენდის პირობა დადო და „ღარიბებისთვის ღარიბი ეკლესიის შექმნის იდეას“ მხარი დაუჭირა. პაპი ფრანცისკეს მოთხოვნით ეკონომიკის სამდივნო შეიქმნა, რომელსაც კარდინალი ჯორჯ პელი ხელმძღვანელობდა. სამდივნოს მთავარ მიზანს რთულ ფინანსურ აპარატზე კონტროლის ცენტრალიზება და გამჭვირვალობის აღდგენა წარმოადგენდა. ეს მოიცავდა APSA-ს (ვატიკანის ქონებისა და ინვესტიციების განყოფილება), კურიას (მისი ადმინისტრაციული ორგანო) და IOR-ს.
„ჩვენი მიზანია, ფინანსური ადმინისტრირების კარგი პრაქტიკის მოდელად ვიქცეთ, – განაცხადა კარდინალმა პელმა 2014 წელს. – და ამ გზაზე ეკლესიის საქმიანობისთვის შემოსავლის შემცირებას არ ვაპირებთ“.
თუმცა რეფორმების განხორციელება იოლი არ ყოფილა. ფრანცისკე ვატიკანში გამოწვევებსაც წააწყდა, რადგან ბიუროკრატები და ტრადიციონალისტები ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ. გარე აუდიტების გაუქმების მცდელობებს, პელის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებები მოჰყვა. საბოლოოდ, 2017 წელს პელმა იურიდიული პრობლემების გამო თანამდებობა დატოვა, ეკონომიკის სამდივნომ თავისი აქტივობის დიდი ნაწილიც დაკარგა.
ამასობაში ახალი სკანდალებიც გამოიკვეთა. 2021 წლის სასამართლო პროცესს, ვატიკანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურს, $400 მილიონის ღირებულების უძრავი ქონების ჩავარდნილ გარიგებებსა და თანხის გაფლანგვის საქმეზე კარდინალ ანჯელო ბეჩიუს და ცხრა სხვა პირის დამნაშავედ ცნობა მოჰყვა. დამნაშავეთა შორის იყვნენ ვატიკანის ყოფილი თანამშრომლები, ფინანსისტები და ადვოკატები. ინციდენტმა გაამყარა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ფინანსური დარღვევები ვატიკანში კვლავ ფესვგადგმული იყო.
მიუხედავად ამისა, გასულ მაისს, Moneyval-მა ვატიკანის მუშაობა შეაფასა და ის 2012 წლის შემდეგ, ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ გაწეული სამუშაოებისთვის შეაქო. ვატიკანის ბანკში ფრანცისკეს მიერ მიღებული ზომები იმდენად ეფექტიანად იქნა მიჩნეული, რომ Moneyval-მა შემდგომი შემოწმება მხოლოდ 2028 წელს დანიშნა.
გასულ თვეში, პნევმონიის ნიშნებით პაპი ფრანცისკეს საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, ვატიკანმა, წმინდა საყდრისთვის შემოწირულებების კომისიის შექმნის საკითხზე დადგენილება გამოსცა. ეს იყო ფრანცისკეს მცდელობა, ვატიკანის ფუნქციონირების მზარდი ხარჯები რიგითი კათოლიკებისა და მსხვილი კერძო დაწესებულებების საქველმოქმედო შემოწირულებების გაზრდით დაეკომპენსირებინა.
ვატიკანმა გასულ წელს მუზეუმების ბილეთების ფასები 18%-ით, 20 ევრომდეც გაზარდა და დაახლოებით 6.8 მილიონი ტურისტი მიიზიდა. მართალია, ტურიზმსა და ქველმოქმედებაზე დამოკიდებულება არცთუ ისე საიმედოა, მაგრამ ამ სისტემას ვატიკანი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა და შემდგომი პაპიც მემკვიდრეობით მიიღებს.
შედეგად, ფრანცისკეს რეფორმების დაუმთავრებლობის გამო, მომავალი პაპი ფინანსური გამოწვევების წინაშე კვლავ აღმოჩნდება. 2023 წელს ვატიკანის ბიუჯეტმა $75 მილიონის დეფიციტი დააფიქსირა, ხოლო მისი წმინდა აქტივები 6%-ით, $4.6 მილიარდამდე დაეცა. ამ თანხის ნახევარზე მეტი APSA-ზე, იმ უძრავი ქონების განყოფილებაზე მოდის, რომელმაც 2023 წელს $3 მილიარდი წმინდა აქტივები შეადგინა.
თავის მხრივ, IOR ამჟამად მხოლოდ რელიგიური ორდენების, რომის კურიის, ეპარქიების, კარდინალების, ფონდების, ვატიკანის სახელმწიფოს, მისი თანამშრომლებისა და პენსიონერების ფულად სახსრებს მართავს. 2023 წელს მისმა მოგებამ $34 მილიონს მიაღწია. ეს ორგანო ეკლესიის მკაცრ მითითებებს მიჰყვება – კონსერვატიულად ინვესტირებას ახდენს ობლიგაციებში და თავს არიდებს მაღალი რისკის მქონე ბაზრებს. ეს კი მის ფინანსურ უპირატესობას ზღუდავს.
უძრავი ქონებიდან მიღებული მოგების მიუხედავად, სამდივნო შემოსავლის 45% კვლავ გარე შემოწირულებებზე მოდის. 2023 წელს, Peter’s Pence-მა – პაპის სპეციალურმა ფონდმა — $57 მილიონი შეაგროვა. ამ თანხის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით $53 მილიონი) შემოწირულებებიდან იყო. თუმცა გაცილებით მეტი, $121 მილიონი დაიხარჯა, რომლის უმეტესი ნაწილი ვატიკანის დანაზოგიდან მოდიოდა. დახარჯული თანხის თითქმის 90% ვატიკანის მართვას მოხმარდა. ასევე პრობლემებია გამჭვირვალობის მიმართულებითაც, რადგან ვატიკანის სახელმწიფო ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებსაც კი არ აქვეყნებს.
ვატიკანი მომდევნო პაპს, სავარაუდოდ, შემდეგ თვეში აირჩევს. კანდიდატებს შორის მთავარ ფავორიტად 70 წლის პიეტრო პაროლინი მიიჩნევა. ის 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებს. ცნობისთვის, მისი სახელი 2021 წლის სასამართლო პროცესშიც ფიგურირებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.