საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 832.22 მლნ ლარით, 1.33%-ით გაიზარდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.7%-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა.
ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა მარტში, წინა თვესთან შედარებით, 492.16 მილიონი ლარით, 1.38%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 340.07 მილიონი ლარით, 1.26%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 10.72 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.22 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წინა თვეზე 1.02%-ით მეტია, მეორე შემთხვევაში კი – 1.87%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტის განმავლობაში 1.26%-ით, 402.88 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 32.46 მილიარდი ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.89% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.030 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.