უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული იმპერიალისტური ომისა და ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკის პასუხად, ევროპის ქვეყნებში მიღებული შეხედულებების გადააზრების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი დაიწყო. თებერვალში დანიის დაზვერვის სამსახურმა (DDIS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს რეგიონული მასშტაბის ომი ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამის შანსი განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, თუკი კრემლი ჩათვლის, რომ ამერიკა ევროპის დასაცავად ომში არ ჩაერთვება.
ამ სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ იმაზე, თუ რას აკეთებენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები რუსული გამოწვევის პასუხად და რა დაბრკოლებებს აწყდებიან ამ გზაზე. მიმოხილვას დავიწყებ ევროპის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი და მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყნით, გერმანიით, სადაც თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა და გამარჯვებულმა პარტიებმა უკვე სამთავრობო კოალიციის შეკვრაც მოახერხეს. 6 მაისს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გახდა, რომლის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაც ქვეყანას წინა კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებთან ერთად მართავს.
სამთავრობო კოალიციის ორივე პარტია თანხმდება იმაზე, რომ საჭიროა გერმანული და ევროპული თავდაცვის პოლიტიკების რადიკალური ცვლილება. ეს თანხმობა, პირველ რიგში, იმით გამოიხატება, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა და სოციალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. „ვალის მუხრუჭის“ შემსუბუქებას თავდაცვის ხარჯებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიას უკვე თავისუფლად შეუძლია აიღოს სესხი თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად ისე, რომ არ გაზარდოს გადასახადები საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ვალის მუხრუჭის გაუქმება გერმანიისთვის, სადაც დღემდე ფესვგადგმულია ისტორიული ტრავმა ჰიპერინფლაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა ამ რევოლუციური ნაბიჯის მიუხედავად, ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ჯერაც ვერ თანხმდებიან იმაზე, უნდა გადაეცეს თუ არა უკრაინას ტაურუსის შორი მოქმედების რაკეტები. გერმანიაში შიშობენ, რომ უკრაინა ამ რაკეტებს ქერჩის ხიდის დასაბომბად გამოიყენებს.
ტაურუსის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხთან ერთად, გერმანიისთვის ძველი შეხედულებების გადააზრების გზაზე განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა მოსახლეობის საბრძოლო შემართების გაზრდა და ჯარისკაცების რეკრუტირება. ეს ორი რამ, ცხადია, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. იმის გამო, რომ გერმანული საზოგადოება ცივი ომის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით პაციფისტურად იყო განწყობილი, ახლა საზოგადოების საბრძოლო სულისკვეთების გაზრდა და თან ასეთ მოკლე დროში ახალი მთავრობისთვის კოლოსალური მასშტაბის გამოწვევაა.
ზემოთ აღნიშნულ გამოწვევაზე პასუხად მერცის მთავრობა აპირებს, რომ გერმანელი ჯარისკაცების რაოდენობა მოხალისეების ხარჯზე გაზარდოს. ამ მიზნით, ახალმა კოალიციამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა 18 წლის გერმანელ კაცს გაეგზავნება კითხვარი, რომლითაც მათი ომისთვის მზაობა შეფასდება. სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდების ნაწილს გერმანიის არმიაში, ბუნდესვერში გაიწვევენ.
პაციფისტურად განწყობილი საზოგადოება ხელახალი შეიარაღების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგებს დასავლეთ ევროპის სხვა დიდ ეკონომიკებშიც – მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში. თუმცა ამ სახელმწიფოებში მთავარი პრობლემა ჯერაც სამხედრო ხარჯების დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს, რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები, მოკლევადიან პერსპექტივაში, 2 %-დან 3.5 %-მდე გაზარდოს. თუმცა მისი ეს გეგმა მნიშვნელოვან დაბრკოლებებს აწყდება საფრანგეთის მთავრობის მხრიდან, რომელიც ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე არის ორიენტირებული. საქმე ის არის, რომ ამ წლისთვის საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 5 %-ს მიაღწევს, რის ფონზეც საეჭვოა, რომ ქვეყანამ თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად მეტი სესხის აღება შეძლოს. აქედან გამომდინარე, მაკრონის გეგმის განხორციელებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს გადასახადების მომატება, რასაც ცალსახად მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვება.
საფრანგეთის მსგავსი მდგომარეობაა იტალიაშიც, სადაც, გამოცემა Politico.eu-ის ცნობით, მთავრობა კერძო საუბრებში ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შეძლებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-მდე გაზრდას. იტალიაში ნერვიულობენ იმაზე, რომ არ მოუწიოთ განსაკუთრებით, ჯანდაცვასა და სხვა სოციალური სერვისებისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსების სამხედრო სფეროზე გადამისამართება, რასაც მოსახლეობის საყოველთაო უკმაყოფილება მოჰყვება. ამიტომ, თავდაცვის სფეროში არსებული ფისკალური ჩავარდნის ამოსავსებად, იტალიის მთავრობა გეგმავს, რომ თავდაცვის ხარჯებში გაიყვანოს ისეთი მომიჯნავე სერვისების დაფინანსება, როგორიცაა ფინანსური პოლიცია ან სასაზღვრო პატრული. თუმცა საეჭვოა, რომ ამ ბუღალტრული ტრიუკით იტალიამ შეძლოს ნატოს იმ ქვეყნების დაშოშმინება, რომლებიც ყველა წევრი სახელმწიფოსგან თავდაცვის ხარჯების დრამატულად გაზრდას მოითხოვენ (ტრამპის ადმინისტრაცია ევროპის ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების უკვე მშპ-ის 5%-მდე გაზრდას ითხოვს).
იტალიის მსგავსი დებატები თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა და დღემდე მიმდინარეობს ესპანეთშიც. თუმცა ესპანეთის მთავრობამ რაღაცნაირად მოახერხა და 2025 წელს უმტკივნეულოდ (გადასახადების გაზრდის გარეშე) გამოყო 10.2 მილიარდი ევრო ქვეყნის თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-მდე მისაახლოებლად. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ეს გეგმა, რომელიც, პირველ რიგში, ტელეკომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო შეიარაღების დაფინანსებას გულისხმობს, ჯერ კიდევ არ დაუდასტურებიათ ნატოში.
შეიარაღების გაზრდის პროცესი იტალიასთან და ესპანეთთან შედარებით უპრობლემოდ მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, სადაც თებერვალში პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მთავრობამ საგარეო დახმარება შეამცირა იმისთვის, რომ 2027 წლამდე თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2.3 %-დან 2.5 %-მდე გაზარდოს. გასულ წელს ბრიტანელი სამხედრო ექსპერტები საუბრობდნენ იმაზე, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალები მოსალოდნელზე უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან, დიდი ხნის განმავლობაში არასაკმარისი დაფინანსების გამო. მარტში ბრიტანეთმა დამატებით 2.2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოყო თავდაცვის ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების – განსაკუთრებით, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის – განსავითარებლად. თუმცა ჯერჯერობით ცხადი არ არის, რამდენად საკმარისია სტარმერის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბრიტანეთის არმიის ყველაზე ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად.
დიდი ქვეყნების მსგავსად, თავდაცვის ხარჯების გაზრდის პროცესი მიმდინარეობს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის შედარებით მცირე ზომის ქვეყნებშიც. მაგალითად, გასულ წელს, ნიდერლანდების თავდაცვის ხარჯებმა პირველად მიაღწია მშპ-ის 2%-ს; შვედეთი 2030 წლისთვის გეგმავს ამ მაჩვენებლის მშპ-ის 3.5 %-მდე გაზრდას; დანია მიმდინარე წელს თავდაცვაზე მშპ-ის 2.4 %-ის ნაცვლად, 3 %-ს დახარჯავს; 2027 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 3 %-ს დახარჯავს ფინეთიც და ა.შ.
მხოლოდ ზემოთ მოყვანილ რიცხვებს თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ის ნაწილი, რომელიც აქამდე რუსეთისგან სამხედრო ძალით თავდაცვაზე დიდად არ ფიქრობდა, ახლა დიდი გადააზრების პროცესშია. თუმცა ჯერაც გაურკვეველია ის, თუ რამდენად მოხდება ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებებში ღირებულებებისა და მოლოდინების ცვლილება. როგორც უკრაინის ელჩმა ბრიტანეთში, ვალერი ზალუჟნიმ გასულ წელს ლონდონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, თანამედროვე ომი, სამწუხაროდ, ტოტალური ომია და ის მოსახლეობისგან სამხედრო ძალების მხარდაჭერასა და გამძლეობას მოითხოვს. ამის ბოლომდე გააზრება დასავლურ ევროპულ საზოგადოებებს ჯერ კიდევ უჭირთ. თუმცა რუსული იმპერიალიზმის შეკავება წარსულის საფუძვლიან გადააზრებასა და დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს.