Forbes: ბილ გეიტსი მასკზე მდიდარი იქნებოდა, Microsoft-ის აქციები რომ შეენარჩუნებინა

Forbes: ბილ გეიტსი მასკზე მდიდარი იქნებოდა, Microsoft-ის აქციები რომ შეენარჩუნებინა

8 მაისს ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ 2045 წლის ბოლოსთვის თითქმის მთელ თავის ქონებას გასცემს და ყოფილ ცოლთან, მელინდა ფრენჩ გეიტსთან ერთად დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს დახურავს. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის აქციების ფასისა და დივიდენდების მკვეთრი ზრდის დახმარებით, ბილმა და მელინდამ 2000 წელს დაარსების დღიდან ფონდში ჯამში $60.2 მილიარდი გადარიცხეს. ამან მათ აშშ-ის უმსხვილეს ფილანთროპებს შორის მეორე ადგილი დაუმკვიდრა. ბილი და მელინდა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მე-13 და 56-ე პოზიციებს იკავებენ, შესაბამისად, $113 მილიარდისა და $30.4 მილიარდის ქონებით.

თუმცა, ამერიკული Forbes-ი გვთავაზობს ალტერნატიულ რეალობას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, გეიტსებს ფული ქველმოქმედებისთვის რომ არ გაეღოთ და Microsoft-ის აქციებიც არ გაეყიდათ? Forbes-ის შეფასებით, დღეს მათი ერთობლივი ქონება $1.5 ტრილიონს გაუტოლდებოდა. ბილ გეიტსი, სავარაუდოდ, პირველი ტრილიონერი გახდებოდა — $1.2 ტრილიონიანი ქონებით. ეს სამჯერ აჭარბებს ილონ მასკის ქონებას პიკურ პერიოდში — 2024 წლის დეკემბერში მან $464 მილიარდს მიაღწია, ამჟამად კი $388 მილიარდია. მელინდა გეიტსს კი, სავარაუდოდ, $300 მილიარდის ქონება ექნებოდა და მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი იქნებოდა — ბილისა და ილონის შემდეგ.

1986 წელს, Microsoft-ის IPO-მდე ცოტა ხნით ადრე, ბილი კომპანიის 11.2 მილიონი აქციის, 49%-იანი წილის მფლობელი იყო, რომლის ღირებულება მაშინ $200 მილიონს შეადგენდა. Forbes-ის დათვლებით, თუ ბილი მათ მომდევნო ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეინარჩუნებდა, აქციების გაყოფის შემდეგ, ის და მელინდა ერთად 3.2 მილიარდ აქციას დაეუფლებოდნენ. ეს მათ Microsoft-ის 43%-იანი წილისა და 1.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ქონების მფლობელებად აქცევდა.

ამასთან, მხოლოდ დივიდენდებიდან, Forbes-ის დათვლებით, გეიტსებს კიდევ $100 მილიარდამდე ნაღდი ფულის შემოსავალი ექნებოდათ, გადასახადების შემდეგ. მხოლოდ ეს თანხაც კი ცალკე აღებული მსოფლიოს 3,000-ზე მეტი მილიარდერიდან თითქმის ყველას ქონებას აღემატება (18-ის გამოკლებით).

თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ ბილმა Microsoft-ის აქციების დიდი ნაწილი დროთა განმავლობაში გაყიდა ან ქველმოქმედებას შესწირა. დღეს მას Microsoft-ში მხოლოდ 0.9%-იანი წილი აქვს, რომლის ღირებულება $28 მილიარდს შეადგენს — ეს ბილის ქონების მხოლოდ მეოთხედია. პორტფელის დარჩენილი ნაწილი ძირითადად დივერსიფიცირებულია და მას Cascade Investments-ი მართავს. მასში Microsoft-ის გარდა შედის ნარჩენების გადამუშავების კომპანია Republic Services-ი, ტრაქტორების მწარმოებელი Deere & Co და Four Seasons Hotels-ი. რაც შეეხება მელინდას, მას ამჟამად Microsoft-ის მხოლოდ 380,000 აქცია აქვს, რომელთა ღირებულება $170 მილიონია — მისი ქონების 1%-ზე ნაკლები.

მართალია, ყოფილი ცოლ-ქმარი ამჟამად ტრილიონიან ქონებას არ ფლობს, თუმცა ამაზე უარის თქმით მათ მეტი სიკეთის გაკეთება შეძლეს. „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის“ მეშვეობით, რომელმაც 2024 წლის ივნისში მელინდას მიერ თანადამფუძნებლის პოსტის დატოვების შემდეგ უბრალოდ „გეიტსების ფონდი“ დაირქვა, წყვილმა ჯამში $47.7 მილიარდი გადასცა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ჯანდაცვის გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაზე მუშაობენ. ამ მაჩვენებლით მათ მხოლოდ უორენ ბაფეტი აღემატებათ, რომელმაც თავისი ქონებიდან ქველმოქმედებისთვის უკვე $62 მილიარდი გაიღო — ძირითადად სწორედ გეიტსების ფონდის გავლით.

აღსანიშნავია, რომ ბაფეტი მომავალშიც თავისი დარჩენილი ქონების დიდი ნაწილის გეიტსების ფონდისთვის გადარიცხვას გეგმავდა, თუმცა 2023 წლის ნოემბერში Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის მიწერილ წერილში განაცხადა, რომ მის ქონებას სპეციალური საქველმოქმედო ფონდი ჩაიბარებს, რომელსაც უორენის სამი შვილი უხელმძღვანელებს. ერთი თვის შემდეგ კი ლეგენდარულმა ინვესტორმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გეიტსების ფონდი დაფინანსებას აღარ მიიღებდა.

ქველმოქმედების სტრატეგია მელინდამაც შეცვალა. 2022 წელს მან ახალ ფონდში, Pivotal Philanthropies-ში $674 მილიონი ჩადო. ხოლო 2024 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ქალებისა და გოგონების უფლებების დასაცავად სამი წლის განმავლობაში $1 მილიარდის გაღების პირობა დადო, დააანონსა, რომ გეიტსების ფონდიდან წამოსვლის ფარგლებში ფილანთროპიული მიზნებისთვის კიდევ $12.5 მილიარდს გამოყოფდა.

პარალელურად, ბილი და მელინდა კვლავ ერთგულნი რჩებიან Giving Pledge-ის, რომელიც მათ ბაფეტთან ერთად 2010 წელს დააარსეს. ინიციატივის მიზანი მდიდარი ადამიანების წახალისებაა, რათა მათ გარდაცვალებამდე ან ანდერძით თავიანთი ქონების მინიმუმ ნახევარი გასცენ.

„ჩემმა მშობლებმა მაჩვენეს, რას ნიშნავს გულუხვობა — თავიანთი დროისა და რესურსების გამოყენებით. როცა Microsoft-დან შემოსული ქონების ბედი უნდა გადამეწყვიტა, ვიცოდი, რომ მათი მაგალითისთვის უნდა მიმებაძა. გადავწყვიტე, ჩემი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარებისკენ მიმემართა,“ — წერს ბილი Giving Pledge-ის წერილში.

„მთელი ეს სიმდიდრე ერთი ადამიანის ხელში — აბსურდია. მჯერა, რომ ამ ქონების მართვის ერთადერთი პასუხისმგებლობიანი გზა მის გაზიარებაშია. რაც შეიძლება გააზრებულად და ეფექტიანად,“ — დასძენს Giving Pledge-ის წერილში მელინდა.