ორშაბათს გლობალური საფონდო ბირჟები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მნიშვნელოვნად შემსუბუქდა. შაბათ-კვირას შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ორ ქვეყანას შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა — მხარეები მომდევნო 90 დღის განმავლობაში ერთმანეთისთვის ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, როგორც ამერიკული, ასევე ჩინური მხარე 125%-იან ე.წ. „საპასუხო ტარიფებს“ 10%-მდე შეამცირებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში დარჩა დონალდ ტრამპის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე ცალკე გამოცხადებული 20%-იანი ტარიფი, რომელიც პრეზიდენტმა აშშ-ში ფენტანილის კრიზისის გაღვივებაში ჩინეთის სავარაუდო როლის მოტივით დააწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინურ საქონელზე მთლიანი სატარიფო განაკვეთი 145%-დან 30%-მდე შემცირდება.
ამ ამბის გავრცელების ფონზე, ჰონგ-კონგის Hang Seng ინდექსი ორშაბათს 3%-ით გაიზარდა. მსგავსი მატება დაფიქსირდა აშშ-ის საფონდო ინდექსების შემთხვევაშიც. Dow Jones-მა 2.8%-ით მოიმატა, S&P 500-მა — 3.3%-ით, ხოლო ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq-ი 4.4%-ით გაიზარდა. სამივე ინდექსი ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმუმზე დაიხურა: Dow-ი 26 მარტის, S&P-ი 3 მარტის, Nasdaq-ი კი 28 თებერვლის დონეს დაუბრუნდა.
პარალელურად, გაიზარდა იმ კომპანიების აქციების ფასიც, რომლებიც ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობაზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი — Amazon-ის აქციების ღირებულება 8%-ით გაიზარდა, Apple-ის 6%-ით, Nvidia-ს 5%-ით და Tesla-ს 7%-ით. Alphabet-ის (Google), Meta-სა და Microsoft-ის შემთხვევაში, შესაბამისად, 3%-იანი, 8%-იანი და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
შედეგად, „შესანიშნავი შვიდეულის“ წევრმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ერთ დღეში თავიანთ საბაზრო კაპიტალიზაციას დაახლოებით $830 მილიარდი დაამატეს. Apple-ის, Amazon-ისა და Nvidia-ს შემთხვევაში, თითოეულის ღირებულება 150 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა.
განსაკუთრებული ზრდა აჩვენა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ — კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს კვლავ გადააჭარბა, რაც თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა. Tesla-ს ერთი აქციის ფასი 320 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ შორს არის 2021 წლის დეკემბრის პიკური ნიშნულიდან, როდესაც ღირებულებამ 490 დოლარს მიაღწია.
საფონდო ბირჟების გამოცოცხლების ფონზე, გაიზარდა მსხვილი კომპანიების სათავეში მყოფი მილიარდერების ქონებაც, რომლებიც ამ ფირმების მართვის სადავეებთან ერთად, მათი აქციების მნიშვნელოვან ნაწილსაც ფლობენ. მათ შორის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ერთ დღეში $11 მილიარდზე მეტით გამდიდრდა და მისი ქონება ამ დროისთვის $406.9 მილიარდს შეადგენს. შედეგად, მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.
Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება ამავე პერიოდში $14 მილიარდით გაიზარდა, ხოლო Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის — $16 მილიარდით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ორივე მათგანი ჯერ კიდევ 180 მილიარდ დოლარზე მეტით ჩამორჩება. ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონება $223.6 მილიარდს შეადგენს, ცუკერბერგის კი — $220.9 მილიარდს. შესაბამისად, ისინი Forbes-ის მილიარდერების რეალურ დროში განახლებად რეიტინგში ამჟამად მეორე და მესამე ადგილს იკავებენ.