გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

გარდაქმნის სტრატეგიული კოდი

სამი ქართველის მიერ ლონდონში დაარსებული Conceptdigital-ი დღეს ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას მთელ მსოფლიოს სთავაზობს. კომპანიის წარმატების უკან მისი დამფუძნებლების, ზურაბ ძაგანიას, იოანე ჩიქოვანისა და Forbes-ის u30-ის გამარჯვებულის, თენგიზ მესხის მრავალფეროვანი გამოცდილებაა. 

პირველ რიგში, გაგვაცანით Conceptdigital-ის კონცეფცია და ბიზნესმოდელი. რამ შთაგაგონათ ამ ტიპის სააგენტოს დაფუძნება და რა ღირებულებებს ქმნით ბიზნესისა და კლიენტებისთვის?

Conceptdigital-ი ლონდონში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის და საკონსულტაციო სააგენტოა, რომელიც ქმნის დამკვეთზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებს და გადაწყვეტილებებს მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ არ ვართ მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სააგენტო – ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ.

სააგენტოს დაარსების იდეა მარტივი და მკაფიო იყო: მსოფლიო ბაზარზე ბევრ კომპანიას ტექნოლოგიური განვითარებისთვის ან ბიუჯეტის გადაჭარბებით ხარჯვა უწევს, ან მიმართავენ უნივერსალურ გადაწყვეტებს, რომლებიც ვერ პასუხობს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. ჩვენ კი გვჯეროდა, რომ არსებობდა სივრცე ისეთი მაღალი ეფექტიანობის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის სააგენტოსთვის, რომელსაც ექნებოდა ღრმა ბიზნესხედვა, ეყოლებოდა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ექნებოდა შესაძლებლობა, კლიენტთან თანამშრომლობით შეექმნა ციფრული სტრატეგიები და პროდუქტები, რომლებიც რეალურ ბიზნესშედეგებზე იქნებოდა ორიენტირებული. 

Fortune 500-ის კომპანიებით დაწყებული, სტარტაპებით დამთავრებული, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს, ბაზარზე მზარდი კონკურენციის პირობებში, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მეშვეობით მიაღწიონ წარმატებას: გააუმჯობესონ მომხმარებელთან ურთიერთობა, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზება მოახდინონ და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტიანი გადაწყვეტილებები.

კომპანიის დაფუძნებისას სწორად შერჩეული პარტნიორებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე გუნდის შექმნა არსებითად მნიშვნელოვანია. თქვენი გუნდის გამოცდილების გრაფაში კი ვხვდებით ისეთ სახელებს, როგორებიცაა: კემბრიჯის უნივერსიტეტი, McKinsey & Company, საქართველოს ბანკი, Space International-ი და სხვ. რა გავლენა იქონია ამ ფაქტორმა Concepdigital-ის ჩამოყალიბებასა და მის სტრატეგიულ ხედვაზე?

დამფუძნებლების გამოცდილებამ ძირეულად განსაზღვრა Conceptdigital-ის იდენტობა და მისია. ჩვენი კარიერული ბექგრაუნდი მოიცავს მეწარმეობის, ფინანსების, ინჟინერიის, სტრატეგიისა და ტექნოლოგიური ლიდერობის მრავალმხრივ გამოვდილებას ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა McKinsey, Cambridge-ი, Space International-ი, „საქართველოს ბანკი“, „თეგეტა მოტორსი“ და „იბერიის თანაინვესტირების ფონდი“.

ამ პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შევქმენით Conceptdigital-ი – სააგენტო, რომელიც აერთიანებს პროდუქტის ანალიტიკურ სიზუსტესა და კრეატიულ შესრულებას. სწორედ ამ უნიკალური კომბინაციის წყალობით ვახერხებთ ფოკუსის გადატანას არა მხოლოდ ტექნოლოგიებზე, არამედ ბიზნესშედეგებზეც – იქნება ეს მომხმარებელთა შენარჩუნების გაუმჯობესება, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა თუ ახალი და მასშტაბური შემოსავლის წყაროების აღმოჩენა.​ 

გუნდის წევრების მრავალმხრივი და მაღალი დონის გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, მოვიზიდოთ როგორც მსოფლიო დონის კლიენტები, ისე ტოპ-ტალანტები. ეს ქმნის მყარი ნდობის საფუძველს და არწმუნებს კლიენტებს, რომ შეგვიძლია მივაწოდოთ შედეგები, რომლებიც გარდამტეხ გავლენას მოახდენს მათ ბიზნესზე.

ხშირად ვხედავთ, რომ კომპანიები უარყოფით გამოცდილებას აწყდებიან არასანდო ტექნოლოგიურ პარტნიორებთან თანამშრომლობისას. სტატისტიკურად, აუტსორსინგით მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფა კლიენტების მხოლოდ 4%-ის მოლოდინს ამართლებს, რაც შოკისმომგვრელი სტატისტიკაა და ეს მაჩვენებელი აშკარად მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე. 

ჩვენი ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სააგენტოს წარმატების მაჩვენებელი კი საკმაოდ მაღალია: 98%-ზე მეტი კლიენტთა კმაყოფილების მაჩვენებელი, დაფიქსირებული 50-ზე მეტ პროექტში, 15-ზე მეტ ინდუსტრიაში და 4 კონტინენტზე. სწორედ ეს შედეგები ამტკიცებს ჩვენი მიდგომის სისწორესა და გამორჩეულობას ტექნოლოგიური პარტნიორობის სფეროში.

როგორია, აფუძნებდე და მართავდე კომპანიას ლონდონში, მსოფლიოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ ცენტრში? რა გამოწვევებს წააწყდით, როგორ დაძლიეთ ისინი და რამდენად კარგად მოახერხეთ ადგილის დამკვიდრება?

ლონდონის ტექნოლოგიური ეკოსისტემა საკმაოდ მოთხოვნადი და შესაძლებლობებით სავსეა. საოცრად ამაღელვებელია და საინტერესო, როდესაც ამ დინამიკურ გარემოში მუშაობ, ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ კომპანიებთან და ეხმარები მათ გადადგან ნაბიჯი განვითარების მომდევნო ეტაპზე. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღე ირჩევ ბრძოლას მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებთან, რასაც შენი პიროვნული ზრდაც მოაქვს. 

როგორც წესი, მხოლოდ ტექნიკური უნარები საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია ბიზნესის შინაარსის ღრმა ანალიზი და სამუშაო პროცესებში მოქნილობა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო თავის დამკვიდრება გადატვირთულ ბაზარზე, სადაც კონკურენცია მუდმივად იზრდებოდა. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე გახდა შედეგებზე დაფუძნებული ავტორიტეტი. სანდოობის დასამტკიცებლად გარდამტეხი აღმოჩნდა თანამშრომლობა ისეთ ცნობილ კლიენტებთან, როგორებიც არიან Halocarbon-ი, Atlas Metrics-ი და Y Combinator-ის მხარდაჭერილი სტარტაპები. დღეს უკვე მყარად ვართ დამკვიდრებული ლონდონში და სწრაფად ვვითარდებით არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აშშ-სა და EECCA-ის რეგიონში.

Conceptdigital-ის მრავალფეროვანი სერვისების სიას თვალს თუ შევავლებთ, შევხვდებით დეველოპმენტს, დიზაინს, კვლევას, მონაცემთა ინჟინერიას, მანქანურ დასწავლას და სხვ. რომელი სერვისები სჭირდებათ ყველაზე მეტად თქვენს კლიენტებს?

მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდა პირდაპირ ასოცირდება პოგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და სამუშაო ძალის გაფართოებასთან. ჩვენი კლიენტების ერთ ნაწილს სჭირდება მოქნილი და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური რესურსები, მაშინ როცა სხვები საჭიროებენ სრული განვითარების ციკლს, რომელიც მოიცავს პროდუქტის დიზაინსა და მიწოდებას. განსაკუთრებით მოთხოვნადია მონაცემებზე დაფუძნებული პლატფორმები, ელექტრონული კომერცია და ხელოვნური ინტელექტი. 

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იზრდება ინტერესი ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის მიმართ. კლიენტები აღარ ელოდებიან უბრალოდ პროდუქტს – ისინი ელიან შედეგებს, და ჩვენ ვთავაზობთ როგორც კრეატიულ, ასევე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს მათ მისაღწევად.

გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობა უკვე აშკარაა, რაც პირველ რიგში გულისხმობს ძველი სისტემების მოდერნიზაციას და ისეთ ჭკვიან ფინტექ-გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შემოწმებები და მომხმარებლის გამოცდილების მრავალარხიანი პლატფორმები. 

ამჟამად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ვქმნით ხელოვნურ ინქტელექტზე დაფუძნებულ AML-გადაწყვეტილებას, რომელსაც კვიპროსში დაფუძებულ სტარტაპთან ერთად ვაწარმოებთ. ამავდროულად, ვაკვირდებით მზარდ ტენდენციას, რომ დიდი ორგანიზაციები გამოხატავენ მზაობას Agile Delivery Modle-ზე გადასვლისთვის, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას Agile-ტრანსფორმაციებზე.

Conceptdigital-ი უკვე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიაა, მაგრამ როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ მოიპოვეთ პირველი კლიენტი?

ჩვენი მოგზაურობა დაიწყო პარტნიორობით, რომელიც საფუძვლად დაედო Conceptdigital-ის ჩამოყალიბებას. პირველი დამკვეთები იყვნენ ახალგაზრდა და ამბიციური გერმანელი მეწარმეები – კემბრიჯისა და მაკინზის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ბერლინში დააარსეს ციფრული ვეტერინარული კლინიკის სტარტაპი. 

მათი MVP-პლატფორმის, ჯავშნის სისტემისა და ecommerce-პლატფორმის შექმნაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ. პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა €5 მილიონი ევროს ინვესტიციის მოზიდვაში და გახდა ჩვენი შესაძლებლობების ადრეული დასტური. 

ეს წარმატება იქცა Conceptdigital-ის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ქეისად და ხელი შეუწყო როგორც სანდო და მაღალპროდუქტიული ტექნოლოგიური პარტნიორის რეპუტაციის ჩამოყალიბებას. დღეს მათი კომპანია Rex-ი წარმატებით ოპერირებს 7 ფიზიკური კლინიკით ბერლინსა და ჰამბურგში.

თქვენს პორტფოლიოში არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი და პროექტია. ახლა თუ მუშაობთ რაიმე საინტერესო პროექტზე?

რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ არაერთ წამყვან ქართულ კომპანიასა და ორგანიზაციასთან, მათ შორის არიან: Schirnhofer-ი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, GPI Holding-ი, ProCredit Bank-ი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და სხვა.

ამჟამად ვაგრძელებთ თანამშრომლობას ისეთ ლიდერ კომპანიებთან, როგორებიცაა Foresight Investment Group-ი და აფთიაქების ქსელი „ავერსი“. 

ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია თანამშრომლობა „თბილისი ჰოლდინგთან“, რომლის დროსაც წარმატებით დავნერგეთ მარაგების მართვის სისტემა, რის შემდეგაც საოპერაციო დანახარჯები 3 მილიონი დოლარით შემცირდა.

ZD Consulting-ის შეძენის შემდეგ Conceptdigital-ს ახალი მიმართულება – კონსალტინგი ემატება. რატომ გახდა ეს სფერო თქვენთვის აქტუალური?

საქმიანობის პროცესში ბუნებრივად გამოიკვეთა საკონსულტაციო სერვისის დანერგვის საჭიროება. დავინახეთ, რომ დამკვეთებს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება არ ჰყოფნიდათ – მათ სტრატეგიულ დონეზეც სჭირდებოდათ პარტნიორობა. სწორედ ამ მოთხოვნიდან დაიბადა ZD Consulting-ი – საკონსულტაციო ფრთა, რომლის მეშვეობითაც ვაწვდით მომსახურებას ციფრული ტრანსფორმაციის, IT-არქიტექტურის, ბაზარზე გასვლის სტრატეგიისა და ოპერაციული ოპტიმიზაციის მიმართულებით.

ZD Consulting-ი იდეალურად ავსებს ჩვენს მთავარ კომპეტენციებს – ვეხმარებით კლიენტებს, სწორად დასვან შეკითხვები და ტექნოლოგიური მიდგომებით მივაწოდოთ სწორი, შედეგზე ორიენტირებული პასუხები.

Conceptdigital-ში ZD Consulting-ის ინტეგრაცია კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ ძაგანიას ხელმძღვანელობით, იყო სრულიად ლოგიკური და თანამიმდევრული ნაბიჯი. ზურა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ტექნოლოგიური ლიდერია საქართველოში: ის იყო „თეგეტა მოტორსის“ CIO და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე Space International-ის CTO. მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს EECCA-ის რეგიონსა და საქართველოში წამყვანი ბანკების, მათ შორის, TBC ბანკის მასშტაბურ IT-პროექტებში.

მისი ხელმძღვანელობით Space neobank-მა მემკვიდრეობითი სისტემა სრულად განაახლა და cutting-edge-არქიტექტურაზე გადაიყვანა, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, პირველივე წელს მოეზიდა 9 მილიონი მომხმარებელი.

რამდენად მზარდია კონსალტინგზე მოთხოვნა საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე და EECCA-ის (აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ცენტრალური აზია) რეგიონში?

კონსალტინგზე მოთხოვნა რეგიონში იზრდება იმავე ტემპით, როგორითაც ციფრული განვითარების საჭიროება.

ბაზარზე მოქმედი ტრადიციული კომპანიები და ახალი სტარტაპები დღეს აცნობიერებენ, რომ ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის არჩევანი – ის გახდა აუცილებელი რეალობა. თუმცა რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს ხარისხიანი, ადგილობრივ რეალობაზე მორგებული და გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისი საკონსულტაციო სერვისების დეფიციტი და სწორედ აქ ვჩნდებით ჩვენ. ვხედავთ მკაფიოდ გამოხატულ და მზარდ მოთხოვნას საკონსულტაციო სერვისებზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა საბანკო და ფინტექი, დაზღვევა, ლოგისტიკა და განათლება. დაინტერესება მაღალია და მზად ვართ, ამ საჭიროებებს მაღალი ხარისხით ვუპასუხოთ.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საქართველო უკვე სარგებლობს ძლიერი რეპუტაციით ტექნოლოგიური და ბიზნესგადაწყვეტილებების კუთხით, განსაკუთრებით – საბანკო სფეროში. ეს პოზიცია დიდწილად განპირობებულია ისეთი მოწინავე მოთამაშეების წარმატებით, როგორიცაა „TBC ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. ამ ორგანიზაციებთან ჩვენი მრავალწლიანი და მასშტაბური თანამშრომლობა ქმნის სანდოობის მყარ საფუძველს, რაც საშუალებას გვაძლევს, EECAA-ის რეგიონში აქტიურად ჩავერთოთ სტრატეგიულ და ტექნოლოგიურ პროექტებში.

მაისის ბოლოს Forbes Georgia Banking Conference-ი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი Conceptdigital-ია. რატომაა თქვენთვის ამ ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი?

Forbes-ის საბანკო კონფერენციის მხარდაჭერა ჩვენი მისიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ციფრული ცნობადობის ამაღლებას. მსგავსი ღონისძიებები ქმნიან სივრცეს დიალოგისთვის ფინანსურ ინსტიტუტებს, რეგულატორებსა და ინოვატორებს შორის. 

ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, არამედ სწავლისაც. ესაა სივრცე, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ხედვებს ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ და უკეთ ვიგებთ ბაზრის ლიდერების საჭიროებებს. ასევე, ეს არის ახალი პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობა, რაც მთელი ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

როგორია სამოქმედო გეგმა მომავლისთვის როგორც საქართველოში, ისე EECCA-ის რეგიონში? გეგმავთ თუ არა ახალი ქვეყნების ბაზრების ათვისებას? რა არის შემდეგი მისია?

ვაგრძელებთ მუშაობასა და განვითარებას სამი სტრატეგიული მიმართულებით: ვზრდით საკონსულტაციო პრაქტიკას, ვფართოვდებით ახალ ბაზრებზე – მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალური აზიაში, და ვაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. 

საქართველოსა და EECCA-ის რეგიონში აქტიურად ვუჭერთ მხარს ციფრულ ტრანსფორმაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაზღვევა, განათლება, ლოგისტიკა და ფინანსური სექტორები. 

შემდეგი მისიაა – დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად – შევქმნათ პლატფორმები, რომლებიც ინოვაციური გზებით უპასუხებენ გლობალურ გამოწვევებს.

გვინდა, რომ ვიყოთ არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების ტექნოლოგიური მხარდამჭერი, არამედ ციფრული პარტნიორი მთელი ინდუსტრიებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან განვითარების, განახლების და გრძელვადიანი წარმატებისკენ.