ნატალია ამირეჯიბი დე პიტამ, 2019 წელს, ორ მეგობართან ერთად, ფონდი „რიბირაბო“ დააარსა და მთავარ მიზნად მეოცე საუკუნის ქართული მოზაიკის შესწავლა, აღდგენა და შენარჩუნება დაისახა. შექმნის დღიდან ფონდმა ათი სარესტავრაციო პროექტი განახორციელა და გვპირდება, რომ ისტორიული არტეფაქტების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს.
„ქართული მოზაიკა, ხელოვნების ენის გამოყენებით, დეტალურად ასახავს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას. მოზაიკა არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშად, არამედ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტადაც უნდა განვიხილოთ“, – აცხადებს ნატალია დე პიტა Forbes-თან საუბრისას და დასძენს, რომ „მსგავსი ისტორიული არტეფაქტები სათანადოდ უნდა დავიცვათ, რათა მომავალ თაობებს გადავცეთ“.
ნატალია დე პიტა ფონდ „რიბირაბოს“ დამფუძნებელია. ფონდის, რომელიც ოფიციალურად სულ რაღაც ხუთი წლის წინ დარეგისტრირდა, თუმცა ამ პერიოდში ათი სარესტავრაციო პროექტი განახორციელა, ნაწილი – ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ამჟამად ფონდი საქართველოში შემორჩენილი მოზაიკების აღწერით ონლაინკატალოგზე მუშაობს, რომლის ანალოგიც ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს.
ნატალიამ, რომელმაც თანამედროვე ხელოვნება სორბონის უნივერსიტეტში შეისწავლა, ხოლო მოზაიკის ხელოვნება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვენეციურ სახელოსნოში, საქართველოს ტერიტორიაზე მოზაიკის ნიმუშების შესწავლა გადაწყვიტა და, მოგვიანებით, საქართველოში მცხოვრებ ორ უცხოელ მეგობართან, ირინა კოჩაკთან და ლუსინ ბარდონთან ერთად ფონდს საფუძველიც ჩაუყარა.
როგორც ნატალია Forbes-თან აღნიშნავს, ფონდ „რიბირაბოს“ მთავარი მიზანი მოზაიკურ ნამუშევრებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებაა, იმ შენობების კონტექსტის მიღმა, რომლებზეც ისინი მდებარეობს. „ფონდის მოღვაწეობა მტკიცებულებაა იმისა, რომ შენობების რეკონსტრუქცია მათზე განთავსებული მოზაიკური ნამუშევრების განადგურების გარეშე შესაძლებელია. ამას მოწმობს არაერთი პროექტი, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ფონდის უშუალო თაოსნობითა და მხარდაჭერით განხორციელებულა“, – დასძენს ნატალია საუბრისას.
„რიბირაბოს“ დამფუძნებელ ნატალია ამირეჯიბის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში, მონუმენტური ხელოვნების სამი ნიმუშის – „წითელკაბიანი მანდილოსნის“, „ზაფხულის“ და „მუსიკოსების“ – სარესტავრაციო პროექტი განხორციელდა. EU4Dialogue-ის და ქართული რეწვის ცენტრის „მოზაიკა სტუდიოს” მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში ფონდ „რიბირაბოს“ მიერ მოწვეული ქართველი და ფრანგი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
მოზაიკური პანოების ავარიულ კედლებზე განთავსების მიუხედავად, სარესტავრაციო ჯგუფმა სამივე მოზაიკური ნიმუში გადაარჩინა და ისინი ზუგდიდში, „მოზაიკა სტუდიოს“ სახელოსნოში გადაიტანა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა მოხალისეები.
ფონდ „რიბირაბოს“ მიერ ქართული მოზაიკების გადასარჩენად წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. 2022 წელს ფონდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის, „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობის“ გამარჯვებულთა შორის დასახელდა. ეს კონკრეტული ჯილდო ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ციხისძირის ყოფილი ავტობუსის გაჩერების მოზაიკის რეაბილიტაციისთვის მოიპოვა. ზურაბ კაპანაძის ორიგინალური ესკიზების მიხედვით აღდგენილი მოზაიკური პანოს ფილები უნიკალური ტექნოლოგიის დაცვით დამზადდა. ეს ტექნოლოგია, რომელიც 1977 წელს ქართველი ოსტატების მიერაა დაპატენტებული, მონუმენტურ ტექნიკასთან შეთავსებულ ქართული ტიხრული მინანქრის პრინციპს ეფუძნება.
ციხისძირის მოზაიკა გეორგიევსკის ტრაქტატის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. „განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ამ მოზაიკაზე ქართული ლიტერატურის ეპოქალური ნაწარმოების, „ვეფხისტყაოსნის“ გამონათქვამებია აღბეჭდილი. ფონდ „რიბირაბოს” წყალობით დღეს ეს მოზაიკა ქართული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფონდ „რიბირაბოს“ საქმიანობის ეროვნულ მნიშვნელობას“, – აცხადებს ნატალია.
კიდევ ერთი პროექტი ფონდმა პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით ზესტაფონში განახორციელა. „რიბირაბოსა“ და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის თანამშრომლობით, პროექტ „ქალაქის ახალი სახის“ ფარგლებში ქალაქში არსებული გამოჩენილი ქართველი მხატვრის დემურ ბაშელეიშვილის საავტორო მოზაიკების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. ფონდის თაოსნობით, Solidarity Fund PL in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მოზაიკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ და პირვანდელი იერსახე დაუბრუნდათ.
„რიბირაბოს“ ფონდის ძალისხმევითა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, განადგურებას გადაურჩა 1980-იანი წლებიდან ზესტაფონის ყოფილ ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე შემორჩენილი მოზაიკა „მზეჭაბუკი“, რომლის ავტორი ასევე დემურ ბაშელეიშვილია. ფონდის მუშაობით მოზაიკა აღდგა და ახლა ის ხონში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის აშენებული კულტურის სახლის მთავარი დარბაზის ერთ-ერთ კედელზეა განთავსებული.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ფონდ „რიბირაბოს“ სახელს უკავშირდება, რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიაზე არსებული განადგურებული მოზაიკის, Racing Drivers-ის გადარჩენა და აღდგენაა. დაზიანებების მიუხედავად, ფონდმა დარჩენილი ფრაგმენტებიდან ორი ცალკეული პანელი – კარტინგის მანქანებისა და სარბოლო მოტოციკლების გამოსახულებით – შექმნა.
და ეს ყველაფერი არაა. ფონდმა „რიბირაბომ“ პიონერის სტატუსი საქართველოში პირველი ფლაკინგის შექმნითაც გაიმყარა. 2021 წლის ივნისში, თბილისში, ფონდის მიერ შექმნილი ქვეყნის ისტორიისთვის პირველი ფლაკინგი განთავსდა. ცნობისთვის, ფლაკინგის ტექნიკა სრულებით ახალია და ის ლიონელმა ხელოვანმა ფსევდონიმით Ememem-მა შექმნა. სტრიტარტის ეს ტექნიკა, დროთა განმავლობაში, ტროტუარებზე გაჩენილი ხვრელებისა და ბზარების ამოსავსებადაა განკუთვნილი, თბილისში კი ფლაკინგი ქალაქის ურბანული სტილის შესაბამისად განთავსდა.
ამჟამად ფონდი, მოზაიკების აღდგენასთან ერთად, შემორჩენილი მოზაიკების აღწერით ონლაინკატალოგზე მუშაობს. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე 60-80-იანი წლების მოზაიკებს უყრის თავს და დაინტერესებულ პირებს, მათ ონლაინკატალოგის სახით სთავაზობს. როგორც თავად ფონდის წევრები მას უწოდებენ, ონლაინკატალოგი არა მხოლოდ უბრალო ვებგვერდი, არამედ „ცოცხალი ორგანიზმია“. ის ამჟამად განვითარების ეტაპზეა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათეულობით მოზაიკას, რეგიონების მიხედვით, უკვე თავს უყრის და, ფონდის წევრების თქმით, მისი სრულყოფა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.