გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის მაისის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:
◾ ყდაზე | გამორჩეული ლიდერთა შორის | ავტორი: ანინა ტეფნაძე
Nexia Georgia უკვე მეორედ გახდა “წლის კომპანია” მსოფლიოს 130 ქვეყნის 800 ოფისს შორის. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მისი შემოსავლების ზრდა თითქმის სამჯერ აღემატება ტოპ-10 აუდიტორული კომპანიის ზრდის საშუალო მაჩვენებელს.
ნომერში ასევე წაიკითხავთ:
მოსაზრება
◾ ხელოვნური ინტელექტი აუდიტში: ბაყბაყდევი თუ ცისკარა? | ავტორი: რუსლან ხოროშვილი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოცემაში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტი და დიდი ენობრივი მოდელები არსებული სამუშაო საათების 40%-ზე მოახდენს ზეგავლენას. ბევრის აზრით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება და დიდი ენობრივი მოდელების გამოჩენა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისის მნიშვნელოვანი მდგენელია. ასეთ ვითარებაში ხშირად ისმის კითხვა: რომელი პროფესია გაქრება და რომელი ახალი პროფესია მისცემს ადამიანებს დასაქმებისა და განვითარების საშუალებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ექსპერტების უმრავლესობა აღრიცხვას, ბუღალტერიასა და აუდიტს აუცილებლად შეიყვანს ხოლმე იმ ათი პროფესიის სიაში, რომელთაც ყველაზე მეტად ემუქრებათ გაქრობის საფრთხე ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად.
◾ დიდი გადააზრების დასაწყისი ევროპაში | ავტორი: გიორგი ცხადაია
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული იმპერიალისტური ომისა და ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციის რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკის პასუხად, ევროპის ქვეყნებში მიღებული შეხედულებების გადააზრების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი დაიწყო. თებერვალში დანიის დაზვერვის სამსახურმა (DDIS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ დაახლოებით ხუთ წელიწადში რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს რეგიონული მასშტაბის ომი ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამის შანსი განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, თუკი კრემლი ჩათვლის, რომ ამერიკა ევროპის დასაცავად ომში არ ჩაერთვება.
რეიტინგები
◾ ყველაზე მოგებიანი ბანკები
2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში 14 ტრადიციული კომერციული ბანკი ოპერირებდა. მათმა ჯამურმა საპროცენტო შემოსავლებმა ₾ 8,419.1 მლნ შეადგინა, ხოლო საკომისიო შემოსავლებმა – ₾ 1,572.7 მლნ. ამ პერიოდში ტრადიციული კომერციული ბანკების ჯამურმა წმინდა მოგებამ ₾ 3,102.6 მლნ შეადგინა, რომლის 87.3% ორი უმსხვილესი ბანკის – თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის წმინდა სარგებელია. 2024 წელი საფინანსო ბაზარზე არსებული 14 ტრადიციული ბანკიდან ზარალით მხოლოდ ერთმა, სილქ ბანკმა დაასრულა. სხვა დანარჩენი ბანკებისთვის წელი მოგებიანი იყო, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული დონით. Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2024 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტის მიხედვით ყველაზე მოგებიანი ტრადიციული კომერციული ბანკების ათეულს
◾ რომელ ბანკებში იხდიან საუკეთესოდ?
საბანკო სექტორის როლი შრომის ბაზარზე განსაკუთრებულია — ის 27.1 ათას შრომისუნარიან ადამიანს ასაქმებს და მათი საშუალო ხელფასის დონე ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით უფრო მაღალია. 2023 წლის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში საშუალო თვიური ანაზღაურება (მაღალი რანგის ხელმძღვანელების გარეშე) 3 713 ლარი იყო, რაც წინა პერიოდთან შედარებით 15.9%-ით მეტია. ამ პერიოდის მდგომარეობით, ტრადიციულ კომერციულ ბანკებს შორის უმსხვილესი დამსაქმებელი თიბისი ბანკი (29%), საქართველოს ბანკი (25.7%) და ლიბერთი ბანკი (21.6%) იყო.
◾ შემოსავლები აუდიტიდან
მაისის ნომერში Forbes Georgia წარმოგიდგენთ 2024 წელს ფინანსური ანგარიშების აუდიტიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით აუდიტორული კომპანიების ათეულს.
◾ ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
საქართველოში აუდიტორული კომპანიები უხვად არიან წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ 15 მათგანი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის საწარმოს ფინანსური ანგარიშის აუდიტის უფლებამოსილებას. ასეთი კომპანიები, დიდწილად, გარდა აუდიტორული საქმიანობისა, კლიენტებს საკონსულტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებასაც აწვდიან. ეს მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
◾ უცხოური ვალუტის 10 უმსხვილესი წყარო
საქართველოს ღია ეკონომიკა აქვს. ეს ნიშნავს, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, როგორიც არის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ფულადი ტრანსფერები, ინვესტიციები და სესხები, ქვეყანა ღიაა. თუმცა უცხოური სამთავრობო გრანტების შეჩერება და დონორების მიერ არასამთავრობო სექტორისთვის განკუთვნილი გრანტების კონტროლი გარკვეულწილად შეაფერხებს საქართველოში უცხოური ვალუტის შემოსვლას.
◾ მასკოკრატია | ავტორი: ჯონ ჰაიატი
$342 მილიარდის ქონებით, ილონ მასკი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ქვემოთ წარმოდგენილია თანამშრომლები, ინვესტორები და მიმდევრები (მაგრამ არა ყოფილი ცოლები), რომლებიც მასთან ერთად გამდიდრდნენ. თავის განსაცვიფრებელ ქონებას ილონ მასკი ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და კორპორაციულ მაქინაციებს უმადლის, თუმცა ამ ყველაფერს ის მარტო ვერ შეძლებდა: მას ძმა მუდამ მხარში ედგა, მისი პირველი თანამშრომლები დღე-ღამეს ასწორებდნენ და ინვესტორებიც ხშირად უმაგრებდნენ ზურგს. ბევრ მათგანს მან ასობით მილიონი ან თუნდაც მილიარდი დოლარის ქონებით გადაუხადა.
◾ მსოფლიოს მილიარდერები
მსოფლიოს მილიარდერებს Forbes 1987 წლიდან ამოწმებს. პირველ წელს ჩვენ ვიპოვეთ 140 მათგანი. ორი ათწლეული დასჭირდა, რომ ეს რიცხვი 1000-ს გასცდენოდა. 2017 წელს მათი რაოდენობა 2000 გახდა. დღეს, რვა წლის შემდეგ, მორიგი ნიშნული გადაილახა 3000-ზე მეტი მილიარდერით. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, წლევანდელ რეიტინგს შეადგენს რეკორდული 3028 მეწარმე, ინვესტორი და მემკვიდრე, ერთი წლის წინანდელთან შედარებით 247-ით მეტი.
ანტრეპრენიორები
◾ გარდაქმნის სტრატეგიული კოდი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
სამი ქართველის მიერ ლონდონში დაარსებული Conceptdigital დღეს ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას მთელ მსოფლიოს სთავაზობს. კომპანიის წარმატების უკან მისი დამფუძნებლების, ზურაბ ძაგანიას, იოანე ჩიქოვანისა და Forbes-ის 30 under 30-ის გამარჯვებულის, თენგიზ მესხის მრავალფეროვანი გამოცდილებაა.
◾ დასაქმების ბაზრის მოქნილი მომავალი | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სტარტაპი ჰერიო დროებითი თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნესებსა და ტალანტებს ერთმანეთთან
აკავშირებს. 2025 წლის იანვარში გაშვებულმა აპლიკაციამ რამდენიმე თვეში 2500-მდე ფრილანსერი და 70-მდე დამსაქმებელი დააინტერესა, თუმცა ჰერიოს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ასანიძეს, ბევრად უფრო ამბიციური მიზანი აქვს, ვიდრე უბრალოდ რიცხვებში გამოხატული წარმატებაა. მას დასაქმების ბაზრის ტრანსფორმაცია სურს.
ტექნოლოგიები
◾ ჩინური ფარმაცევტიკა სახლში მიტანით | ავტორი: ემი ფელდმანი
ჭარბწონიანობისგან განკურნების ოთხი კლინიკური მეთოდის ლიცენზირებით ჩინეთიდან, რომელიც სწრაფად ყალიბდება ძლიერი ფარმაცევტული კვლევისა და განვითარების ცენტრად, KAILERA წონაში კლების სასწაულმოქმედი პრეპარატების ბაზარზე გავიდა. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა დახარჯოთ მილიონები აშშ-ში ახალი მედიკამენტების შემუშავებაზე, როდესაც ჩინურმა ფირმებმა თქვენთვის ეს ალბათ უკვე გააკეთეს?
ეკონომიკა
◾ რა ტენდენციებია საქართველოს საბანკო სექტორში? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე
ბოლო 10 წელიწადში საქართველოს საბანკო სისტემამ რამდენიმე გამოწვევა გამოიარა: 2014-2016 წლებში ლარის კურსის მნიშვნელოვნად ვარდნა, 2017-2019 წლებში საბანკო რეგულაციების გამკაცრება, 2020-2021 წლებში პანდემია და 2022-2024 წლებში უკრაინა-რუსეთის ომი. თუმცა საქართველოს საბანკო სექტორი დღეს გაცილებით დიდი და მყარია, ვიდრე 10 წლის წინ იყო.
◾ ეროვნული ბანკინგი: როცა მოგება ფასებთან ერთად იზრდება | ავტორი: ეგნატე შამუგია
საქართველოში საფინანსო სექტორის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, მთლიანი განვითარების დონეს მკვეთრად აღემატება. ფინანსური სექტორი სწრაფად ფართოვდება, რისი შედეგიც მთლიან ეკონომიკაში წილის მატებაა. 2024 წლის სამი კვარტალის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტში საფინანსო სექტორის წილი 5%-ზე მეტია. ამ პერიოდში კი ეკონომიკის რეალური გაფართოების ტემპი 9.8%-ს აღწევს, როცა საფინანსო დარგის რეალური ზრდა 17.2%-მდეა.
ინტერვიუ და პროფილი
◾ ხარისხი – უცვლელი პრიორიტეტი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
◾ კაპიტალთან მუშაობა შვეიცარიული წესებით | ავტორი: იზა გვარამაძე
TT Advisory-მ საქართველოს ეროვნული ბანკისგან საინვესტიციო კონსულტაციის ლიცენზია 2023 წლის ივნისში მოიპოვა და მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტებისთვის ამ მომსახურების შეთავაზება დამოუკიდებელი კომპანიის სტატუსით დაიწყო. დაფუძნებიდან დღემდე ის მომხმარებლებს 20 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურირებაში დაეხმარა. TT Advisory-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლილია ელბაქიძე კომპანიის ზრდაზე, სტრატეგიულ მიდგომებსა და ქართულ საინვესტიციო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე გვესაუბრა.
◾ საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება | ავტორი: იზა გვარამაძე
ლედი კოჭლამაზაშვილი ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2023 წელს შეუერთდა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ლიბერთის გუნდთან ერთად ადგილობრივ ფინანსურ ბაზარს ახალი ბრენდი სტუდიო ლიბერთი წარუდგინა, რომელიც მომხმარებლებს საბანკო პრემიუმ-მომსახურების ახლებურ გამოცდილებას ჰპირდება. ლედი კოჭლამაზაშვილმა ჩვენთან სტუდიო ლიბერთის კონცეფციასა და სერვისებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საკითხავი
◾ ტამპლიერები: ბერები, მეომრები, ვაჭრები და ბანკირები | ავტორი: ნიკა ხოფერია
ჯვაროსნული ლაშქრობებისას ჩამოყალიბებული ტამპლიერთა ორდენი შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, მძლავრი, კარგად ორგანიზებული სასულიერო-სარაინდო ორდენი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XII-XIV საუკუნეების ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. გარდა სამხედრო და სასულიერო მოღვაწეობისა, ტამპლიერები ითვლებიან საბანკო საქმის პიონერებად მსოფლიოში და ეს მათი ორდენის გამდიდრების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.