დაბადებული დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად | თოდუას კლინიკა 34 წლისაა

დაბადებული დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად | თოდუას კლინიკა 34 წლისაა
გიორგი დიასამიძე, 
თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი

 

ეს სტატია თოდუას კლინიკის 34-წლიან ისტორიაზე ჰყვება, რომელსაც ერთგვარად განსაკუთრებული მისია აქვს და კლინიკის გენერალური მენეჯერის პროფესიულ და ადამიანურ ხედვას აერთიანებს. თხრობას მისივე სიტყვებით ვიწყებთ.

ერთი ადამიანი მაინც თუ იქნება ისეთი, ვინც ჩვენი საინფორმაციო კამპანიების შედეგად დაავადებას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს, რაც მისი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი იქნება, ვიტყვი რომ ყველაფერი გამოგვივიდა.

მართალია, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი ამ სათქმელით ჩვენთან საუბარს ასრულებს, თუმცა მნიშვნელოვანი ამბის თხრობის ინსპირაციად სწორედ მიზნის ეს სიღრმე გვექცა. არსებობის ყველა ეტაპზე ხომ თოდუას კლინიკის ფილოსოფია სწორედ დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მათი კომპლექსური მართვა იყო. გიორგი დიასამიძე დღეს ბედნიერია, რომ 1991 წელს დასახული მიზნის განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ეს საშუალება კი მას ცნობილმა ბაბუამ მისცა – აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ, ეროვნული მედიცინის იმედად ქცეული კლინიკის დამფუძნებელმა. თუმცა ეს გიორგისთვის მხოლოდ შესაძლებლობა არასოდეს ყოფილა, ეს იყო და არის დიდი შრომა და მუდმივი ფიქრი – ქვეყნის, გუნდისა და პაციენტების საჭიროებებზე.

თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერისთვის ისტორიული მემკვიდრეობის ყველა დეტალი და სიმბოლო ძვირფასია. ამ ისტორიას ნიშანდობლივს სამედიცინო ცენტრის დაარსების თარიღიც ხდის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წელსა და დღეს ემთხვევა. სამშობლოში დიდი მიზნისთვის დაბრუნებული აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ინიციატივითა და დაახლოებით 10 თანამოაზრის მხარდაჭერით სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტი 1991 წლის 26 მაისს შეიქმნა. ზუსტად 34 წლის შემდეგ კი თოდუას კლინიკა 800-მდე თანამშრომელსა და 3 ფილიალს აერთიანებს.  ჯანმრთელობას ამ სამედიცინო გუნდს ყოველწლიურად 340 000-ზე მეტი პაციენტი ანდობს, ასეა ქვეყანაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა 40%-ის შემთხვევაშიც.

„კლინიკის დაარსების თარიღი ჩემთვის ემოციას ამძაფრებს და პასუხისმგებლობას ზრდის, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ემთხვევა სამედიცინო ცენტრის გახსნა – ბაბუაჩემის ახდენილი ოცნებაც, რომელზე ზრუნვაც სიცოცხლის განმავლობაში არცერთი წამით არ შეუწყვეტია. ფრიდონ თოდუამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სამშობლოს  მიუძღვნა. შესაბამისად, ეს ყველაფერი დიდი მიზნის მიღწევისა და ქვეყნისთვის სრულიად ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლოა.“

ისტორიულ საქმეს აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა მაშინ შეეჭიდა, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა. იგივე საქმე სახელგანთქმული ექიმის გადაწყვეტილებით გიორგი დიასამიძემ 2017 წელს, 18 წლის ასაკში ჩაიბარა და მისი ცხოვრების ამ ეტაპზე არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე „თოდუას კლინიკა“. 7 წელზე მეტია, სამედიცინო ცენტრს გიორგი დიასამიძე უცვლელი იდეით მართავს – აქ მთავარი პაციენტია. 34 წლის წინ ფრიდონ თოდუამ ხომ ყველაფერი ერთი მისიით წამოიწყო – მისთვის მთავარი „დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და კომპლექსური მართვა“ იყო.

„თოდუას კლინიკისთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო და არის პაციენტის მხარდაჭერა. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია – ასე იყო და იქნება სულ სანამ კლინიკა იარსებებს და ამ მიდგომას არაფერი შეცვლის, ვიდრე ცენტრის სათავეში ვიქნები.

1991 წელს „დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და მათი კომპლექსური მართვა “ ის იდეა იყო, რომელსაც ბაბუა ყველა ინტერვიუში იმეორებდა. მართალია, ქვეყნის მაშინდელმა რეალობამ მიზანს მიმართულება ცოტა შეუცვალა, თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველო ახლა ნამდვილად არის იმ ეტაპზე, როცა შეგვიძლია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ. ჩემი სურვილია, როგორც პაციენტზე ორიენტირებულმა სამედიცინო ცენტრმა შევძლოთ დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კომპლექსური მართვაც. ეს, რა თქმა უნდა, დიდწილად პრევენციული მედიცინის განვითარებაზეა დამოკიდებული, რომლის ფუძემდებლები ნამდვილად ჩვენ ვართ. ახლა ჩემი სურვილია, ფრიდონ თოდუას დაწყებული საქმე საბოლოოდ განხორციელდეს.“

ამ ფილოსოფიის შედეგი არის ისიც, რომ თოდუას კლინიკა პაციენტების მეგობარი და მათი ჯანმრთელობის მეგზურია. გიორგი დიასამიძე ინფორმირებულობას მთავარ ძალად ასახელებს. დროს და რესურსს კი არ ზოგავს, რათა პაციენტებმა ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება თოდუას კლინიკის მხარდაჭერით ყველგან და ყოველთვის შეძლონ.

„ადრეულ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებული ქცევის ჩამოყალიბების ფასი ალბათ მედიცინაში არაფერია. დღეს საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს ცნობიერების ამაღლებით მივაღწიოთ იმას, რომ ადრეულმა მიმართვამ რთული დიაგნოზების სრულფასოვანი მართვა შესაძლებელი გახადოს”.

როცა კლინიკის 35-ე წლის დასაწყისში გიორგი დიასამიძეს ცენტრის განვლილ გზაზე ვესაუბრებით, ვხედავთ, რომ წარსულის გამოწვევებს მთელი სიმძაფრით აღიქვამს. ალბათ სხვანაირად შეუძლებელიც კია, ფრიდონ თოდუამ კლინიკა ხომ მაშინ დააფუძნა, როცა საქართველო ელემენტარული საჭიროებების წინაშე იდგა, მაგალითად ისეთის, როგორიც ელექტრომომარაგებაა. აკადემიკოსმა კი შეძლო და საქართველოში ტომოგრაფიის პირველი აპარატი 1991 წელს ჩამოიტანა.

„ვფიქრობ, რომ კლინიკის დღევანდელი რეალობა დიდწილად სწორედ მაშინ გამოვლილმა განსაცდელებმა და მიღწეულმა გამარჯვებებმა განაპირობა. 34 წლის განმავლობაში ჩვენმა სამედიცინო გუნდმა და მენეჯმენტმა ალბათ იმდენი რამ გაიარა, რაც სხვა ქვეყნებში შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც არ დაგროვდეს. მათ შორის ომები, სამოქალაქო დაპირისპირება, ეკონომიკური თუ სხვა გამოწვევები, თუმცა იყო გამარჯვებებიც, რომლებმაც ქვეყნისა და კლინიკის ისტორია ერთმანეთთან სამუდამოდ დააკავშირა. ძალიან მიხარია, რომ თოდუას კლინიკა დღეს საქართველოს სამედიცინო სფეროს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ეს კი იმ გუნდის დამსახურებით შევძელით, რომლებიც ჩვენთან ერთად ამ ისტორიას პროფესიონალიზმით ქმნიდა და დღემდე ქმნის. მათი დახმარებით, ვინც ჩვენი მეგობარი და პარტნიორია. ბუნებრივია, დიდია წვლილი პაციენტების, რომლებიც 34 წელია, ნდობას გვიცხადებენ”.

კლინიკის გუნდის მიმართ განსაკუთრებულ მადლიერებასა და კეთილგანწყობას გიორგი დიასამიძე ჩვენი საუბრის განმავლობაში რამდენჯერმე აფიქსირებს. გენერალურმა მენეჯერმა ზუსტად იცის როგორი ხალხი ჰყავს გარშემო, გამორჩეული პროფესიონალები, რომლებიც კლინიკის გვერდით ათეულობით წელია, დგანან. პროფესიონალთა აღზრდაც თოდუას კლინიკის ისტორიისა და იდენტობის ნაწილია, ისევე როგორც სწრაფვა განვითარების, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციებისკენ.

„34-წლიანმა გამოცდილებამ რეალური შესაძლებლობები შექმნა, იმისთვის რომ პოზიციონირება რეგიონის გარეთაც დავიწყოთ, კონკურენცია გავუწიოთ ევროპის არაერთ კლინიკას. ვინაიდან რეგიონში არსებულ არც ერთ სამედიცინო ცენტრს არ აქვს ისეთი მძლავრი ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი, როგორიც თოდუას კლინიკას. ამ იდეის ბოლომდე განხორციელებას, ცხადია, დასჭირდება დრო, თუმცა ისტორია აჩვენებს, რომ დრო ჩვენი მეგობარია და ბევრ რამეს თავის სახელს არქმევს. მაგალითად, დღეს რომ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას იმუნოთერაპიას ყოველდღიურად ასე მარტივად ვიყენებთ, ესეც დიდწილად თოდუას კლინიკის დამსახურებაა. ფრიდონ თოდუამ ჯერ კიდევ  2016 წელს გათვალა და საქართველოში პირველი ონკოგენეტიკის ლაბორატორია დააარსა. ეს გათვლა პაციენტების რეალურ საჭიროებებს ეფუძნებოდა და არა რაიმე ფინანსურ სარგებელს. ეს ასეთი მხოლოდ ერთი მაგალითია და ვფიქრობ, რომ წარმატების ფორმულაც სწორედ ამაშია – ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები!”

პირველობას ამბიციური ნაბიჯები სჭირდება. დაარსებიდან 35-ე წელს კლინიკა სწორედ ასეთი გეგმით ხვდება –  პროექტით, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ თოდუას კლინიკა მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სამედიცინო ცენტრის ადგილად მოინიშნოს. ეს ახალი 7 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 9-სართულიანი კორპუსი იქნება, სადაც რეგიონში უპრეცედენტო 7 ულტრათანამედროვედ ინტეგრირებული და მოდულარული საოპერაციო ბლოკები -1 სართულზე მოეწყობა. Getinge-ს უახლესი საოპერაციო ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკებისთვის საჭირო ყველა დეტალი კლინიკის მენეჯმენტს უცხოეთიდან ჩამოაქვს. აქ სპეციალური პანელებით აღჭურვილი საოპერაციოები განთავსდება, რომელიც ჰერმეტულად იქნება დაცული და აპარატურისა თუ ტექნიკისთვის  წინასწარ მომზადებული ჭრები ექნება.

„ახალ შენობაში 100 საწოლზე გათვლილ სტაციონარს მოვაწყობთ, ჩვენი გუნდის პროფესიონალები პაციენტებს, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული პროფილით მოემსახურებიან. პროექტი 8-საწოლიან ულტრათანამედროვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებასაც ითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ -1 სართულზე საოპერაციო ბლოკი საქართველოსთვის არა მხოლოდ ინოვაციურია, არამედ  სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, როგორც ენერგეტიკული, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. გვიხარია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ პრეცედენტსაც პირველი თოდუას კლინიკა შექმნის, რაც დარწმუნებული ვარ, მომავალში, ამ გაკვალულ გზაზე, სამედიცინო სფეროს არაერთ წარმომადგენელს იგივე იდეის განხორციელების შესაძლებლობას გაუადვილებს”.

თოდუას კლინიკამ მედიცინაში გზა ხელოვნური ინტელექტის მოდულების დანერგვის მიმართულებიც გაკვალა. ინგლისელ სპეციალისტთან თანამშრომლობის შედეგად, მალე ცენტრი საოპერაციო ბლოკების განრიგს ავტომატურად ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაგეგმავს. AI-ის მოდული გუნდს უკვე აძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა პარტნიორ სადაზღვევო კომპანიას დოკუმენტაცია, რომელიც პაციენტის უწყვეტი და კომფორტული სამედიცინო სერვისის მიღებისთვის სჭირდება, მარტივად მიაწოდოს.

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავია მობილური აპლიკაციაც. კლინიკის ოფიციალური გვერდი პაციენტებს პირადი კაბინეტით სარგებლობის შესაძლებლობას დიდი ხანია აძლევს, თუმცა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით უკვე შესაძლებელია, რომ ყველა სამედიცინო ინფორმაცია მობილურ ტელეფონებშიც შევინახოთ – იქნება ეს ანალიზის პასუხები, დასკვნები თუ ექიმის დანიშნულება.

ხელოვნური ინტელექტისა და აპლიკაციის გარდა, კლინიკამ  ციფრული გზით პაციენტისგან მუდმივი უკუკავშირის მიღების პრაქტიკაც შეიმუშავა, რადგან მენეჯმენტი დარწმუნებულია რომ სამედიცინო სფეროში ხარისხის კონტროლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტთა მოსაზრებებია.

ციფრული ინოვაციების მიმართულებით უპრეცედენტოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის მოდელიც, რომლის თანახმადაც პაციენტის ისტორია ექიმისთვისაც კი ხელმისაწვდომი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ნებართვას სმს-ის მეშვეობით თავად პაციენტი გასცემს.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც საქართველოში თოდუას კლინიკის მენეჯმენტის ავტორობით დაინერგა – მოკითხვის სისტემაა. მეგობარი პროგრამა, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად პაციენტს მოახლოებულ ვიზიტს ახსენებს.

სამედიცინო ცენტრისა და დამოუკიდებელი საქართველოს გზები 34 წელია იკვეთება. ინტერვიუს ბოლოს გრძნობ, რომ უპირობოდ გჯერა იმ გამარჯვებების, რომელიც სამედიცინო ცენტრს ქვეყანასთან ერთად წინ კიდევ ბევრი აქვს .

ბოლოს კი, თოდუას კლინიკა 34 წელია საქმით ამტკიცებს, რომ პაციენტი მათთვის ყველაზე მთავარია. ამის ირგვლივ ტრიალებს ყველა გეგმა, რომელიც გიორგი დიასამიძეს საკუთარ გუნდთან ერთად აქვს. მათ შორის არის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ვიღაცისთვის ამბიციურადაც ჟღერდეს, მაგრამ როცა თოდუას კლინიკის ახალგაზრდა, თუმცა უკვე ძალიან გამოცდილ გენერალურ მენეჯერს უსმენ, იჯერებ, რომ ამ გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია .

„პირველი, რასაც უპირობოდ უნდა მივაღწიოთ არის ის, რომ  საქართველოს მოქალაქეებს აღარ უწევდეთ სამედიცინო სერვისის მისაღებად უცხოეთში გამგზავრება. მეორე – აღარ უნდა ვამბობდეთ, რომ საუკეთესოები ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს რეალობაა, რადგან აღმოსავლეთ ევროპის არაერთი სკოლის რადიოლოგები და ონკოლოგები რჩევებს ახლაც ჩვენგან იღებენ.

ისტორიულადაც ასეა – ჩვენ ვიწყებთ სხვები მოგვყვებიან “.

S