აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტო საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდაზე საუბრობს

აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტო საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდაზე საუბრობს

აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (DIA) გლობალური საფრთხეების შეფასებასთან დაკავშირებით 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 45-გვერდიან დოკუმენტში აშშ-ის კონკურენტებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მზარდ თანამშრომლობაზე, ასევე მათი გავლენის ზრდაზეა საუბარი — ყურადღების ცენტრში კი ჩინეთი და რუსეთია.

DIA-ს დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ „რუსეთს თითქმის დანამდვილებით აქვს გამიზნული საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნება“.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს ხელს უწყობს, საქართველოზე გავლენა გაზარდოს,“ — წერია აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან ერთად ანგარიშში სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობაც არის განხილული. სააგენტოს დაკვირვებით, ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გასულ წელს გაუარესდა, რისი მიზეზიც სომხეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის მუქარა გახდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთმა სომხეთის დემოკრატიისა და მისი პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა.