ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს მიერ უპილოტო „რობოტაქსის“ სერვისის დანერგვამ კომპანიის აქციების მკვეთრად გაძვირება განაპირობა. შედეგად, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა.
ორშაბათს Tesla-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 8%-ით, 27 აშშ დოლარით გაიზარდა და სავაჭრო დღის ბოლოს სამი კვირის მაქსიმუმზე, 349 დოლარზე დაიხურა. მასკმა, რომელიც Tesla-ს აქციების 13%-ს, დამატებით 9%-იან წილს ფლობს სასამართლო დავების ბონუსის მოლოდინში, ორშაბათს ქონებას 15 მილიარდი დოლარი შემატა, რაც Forbes-ის რეალურ დროში განახლებად რეიტინგში მილიარდერების მიერ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ზრდაა.
ბოლო მონაცემებით, ილონ მასკის ქონება $423.9 მილიარდს შეადგენს. უკანასკნელი ზრდის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უახლოეს მდევართან უპირატესობა 170 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდა. Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი, Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი $251 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს.
Tesla-ს აქციების ფასის ზრდა და მასკის ქონების მატება კომპანიის მშობლიურ ქალაქ ოსტინში ავტომწარმოებლის რობოტაქსის გამოჩენამ განაპირობა. მართალია, საწყის ეტაპზე კომპანიამ მხოლოდ 10-დან 20-მდე Model Y ავტომობილის გამოყენების ნებართვა მიიღო, თანაც Tesla-ს ოპერატორებით მგზავრის სავარძელში – თუმცა ფაქტმა ინვესტორებზე აშკარად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.