საქართველოს ბაზარზე მოქმედი სუპერმარკეტებიდან რომელია ყველაზე ძვირადღირებული?
Forbes Georgia-ს ივნისის ნომერში დაიბეჭდა 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია მათი ფინანსური მაჩვენებლების დეტალურ ანალიზზე. ამჯერად რეიტინგიდან წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული სასურსათო ქსელების ხუთეულს:
1. ნიკორა (₾ 1.295 მლრდ)
„ნიკორა“ ქვეყნის მასშტაბით მაღაზიების ქსელს აერთიანებს, რომლის რაოდენობა 2023 წლის ბოლოს 579 ერთეული იყო, სადაც 8 ათასამდე ადამიანი მუშაობდა. „ნიკორამ“, რომელიც ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა, მოგვიანებით შეიძინა „სანდეის“, „ველესის“, „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ ქსელები. სს „ნიკორას“ ვასილ სუხიაშვილი (29%), ოლეგ ბუგანოვი (16%), დავით დუმბაძე (10.75%), ვასილ ტარადინი (10%), თალიკო ცირეკიძე (9%) და მაკა სალუქვაძე (6.25%) ფლობენ.
2. ორი ნაბიჯი (₾ 979 მლნ)
„ორი ნაბიჯი“ ფართო ქსელის მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 470 საცალო მაღაზიას და ასაქმებს 4.3 ათასამდე ადამიანს. შპს „ორი ნაბიჯი“ 2009 წელს დაარსდა, რომლის 33.34%-ს ფლობს გოჩა ცქიტიშვილი, ხოლო 33.33%-33.33%-ს – გიორგი ჩხეიძე და კახა ბექაური. კომპანია მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
3. ფუდმარტი (₾ 593 მლნ)
„ფუდმარტი“ საკუთარ და ფრენჩაიზული მაღაზიების ქსელს აერთიანებს, რომლის რაოდენობა 570 ერთეულია. კომპანია ფლობს „სპარის“, „იოლის“ და „კალათას“ ბრენდებს, სადაც დასაქმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. კომპანიას შპს „დეილის“ საშუალებით არჩილ გეგენავა (23.25%), ზურაბ ზაქარიაძე (20.07%), დავით კუხალაშვილი (18.25%) და სხვები ფლობენ.
4. ევროპროდუქტი (₾ 347 მლნ)
კომპანიის 50%-ს ნინო ბრეგვაძე ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს – შპს „ჯი-თი გრუპის“ საშუალებით, გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი. „ევროპროდუქტი“ საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან არის წარმოდგენილი, რომელიც 2600-მდე მაღაზიას და ოპერირებას უწევს 38 ერთეულს.
5. კარფური (₾ 344 მლნ)
შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ საქართველოში „კარფურის“ ბრენდის ქვეშ 2012 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანია 6 ჰიპერმარკეტს, 18 სუპერმარკეტს და 71 მაღაზიას აერთიანებდა, სადაც თითქმის 3 ათასი ადამიანი მუშაობდა. კომპანიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსი“ ფლობს.
იხილეთ ასევე: ყველაზე მოგებიანი სუპერმაკეტები
შენიშვნა
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი საქართველოში აქვთ. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
მეთოდოლოგია
კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA-მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებული ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას.
კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".