რა დეტალებია ცნობილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ?

რა დეტალებია ცნობილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ?

„სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტისა“ და „ევრონიუს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ქართველი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი გუშინ, 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაკავებულის ხელბარგიდან, სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ.

სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები გულისხმობს:

  • ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება: ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
  • ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის: ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

56 წლის ბიზნესმენი, გიორგი რამიშვილი 1997 წელს დაარსებული ბიზნესჯგუფის, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ჯგუფის საქართველოში სატელეკომუნიკაციო ქსელის, საკაბელო ტელევიზიის, ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია „სილქნეტი“. „სილქნეტს“ საქართველოში 1,800,000 მობილური ქსელის აბონენტი და 253,660 ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელი ჰყავს. 2005 წლიდან, საქართველოში, „სილქ როუდ ჯგუფმა“ დაახლოებით 1.3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.

გარდა ამისა, რამიშვილის საკუთრებაშია უძრავი ქონების განვითარებისა და მართვის კომპანია „შპს სილქ რიალ ისთეით“, რომელშიც საქართველოში მოქმედი რამდენიმე მსხვილი სასტუმრო, მათ შორის „რედისონ ბლუ ივერია“, „სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი“, „პარკ ჰოტელ წინანდალი“, „რედისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“, „წინანდლის მამულის ვილები“, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები – „მწვანე კონცხი ბოტანიკო“, „სილქ თაუერსი“ და რამდენიმე სხვა ობიექტი შედის. ამასთან ერთად, რამიშვილის ჰოლდინგში შედის „სილქ ბანკიც“, რომლის აქტივების ზომაც 2025 წლის მაისის მდგომარეობით, 188 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „სილქ როუდ ჯგუფმა“, რომელშიც ვკითხულობთ:

„გიორგი რამიშვილი მ/წ 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.

დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები“.

რამიშვილის დაკავების საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი ბიზნესმენის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გააკეთა, ჭკადუას განცხადებით, „გაუთვალისწინებელი შეცდომა“ მოხდა და ამ ფაქტს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ადვოკატი არც იმ ფაქტს გამორიცხავს, რომ რამიშვილს, აეროპორტში წასვლისას შესაძლოა ჩანთა შეეშალა, რადგან იარაღი, რომელიც ამოიღეს, ბიზნესმენის სახელზე კანონიერადაა რეგისტრირებული და ის მისი შენახვის უფლებასაც ფლობდა.

„როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ამასთან დაკავშირებით მისცემს ჩვენებას გამოძიებას და მოგვიანებით თქვენთვის იქნება ცნობილი”, – განაცხადა ჭკადუამ და დაამატა, რომ დეტალებთან დაკავშირებით, მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ამ ეტაპისთვის, რამიშვილს ბრალდება ოფიციალურად წარდგენილი არა აქვს.