საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის უახლესი ანგარიშით, მიმდინარე წელს საცხოვრებელ ადგილს გლობალურად რეკორდული რაოდენობის, 142,000 მილიონერი შეიცვლის. 2026 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა ახალ მაქსიმუმამდე, 165,000-მდე გაიზრდება. Henley & Partners-ის შეფასებით, მასობრივი მიგრაცია, ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკური ცვლილებების მანიშნებელია, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოებს შორის, ტალანტისა და სიმდიდრის მოზიდვაში, გაზრდილ კონკურენციაზე მიუთითებს.
Henley & Partners-ის პროგნოზით, 2025 წელს გაერთიანებულ სამეფოს რეკორდული რაოდენობის, 16,500 მილიონერი დატოვებს. საერთო ჯამში, ამ პირების საინვესტიციო აქტივების ღირებულება ქვეყნისთვის $92 მილიარდს აღწევს. ანალიტიკური ფირმა მილიონერთა დანაკარგს ბრექსიტის შემდგომ ეფექტს უკავშირებს, რადგან 2016 წლამდე გაერთიანებული სამეფო იმაზე მეტ მილიონერს იზიდავდა, ვიდრე კარგავდა.
მილიონერებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი საამიროების ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი, ძლიერი ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური სტაბილურობა და პროკაპიტალის მარეგულირებელი კლიმატია. ამას დამატებული Golden Visa-ს პროგრამა, რომელიც 2019 წელს გაეშვა და 2022 წელს გაფართოვდა და რომელიც ინვესტორებისთვის, მეწარმეებისა და გამოცდილი პროფესიონალებისთვის 5- და 10-წლიან საცხოვებელ ვარიანტებს უზრუნველყოფს.
საამიროების შემდეგ, Henley-ის პროგნოზით, ყველაზე მეტ, 7,500 მილიონერს ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს. გრძელვადიანი EB-5 იმიგრანტი ინვესტორების პროგრამამ 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყანას $50 მილიონზე მეტის შემოსავალი მოუტანა. საკონსულტაციო ფირმის ანალიზით, მილიონერთა მოზიდვაზე გავლენა შესაძლოა აშშ-ის შეთავაზებულმა Gold Card-ის ინიციატივამაც მოახდინოს.
აქვე საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს, Henley ჩინეთიდან 7,800 მილიონერის გადინებას პროგნოზირებს, რაც ქვეყნისთვის, ბოლო წლებში, გადინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საკონსულტაციო ფირმის შეფასებით, ეს შესაძლოა გარდამტეხი მომენტი იყოს ჩინეთისთვის, რადგან ქვეყნის ტექნოლოგიური ჰაბები, შენჭენი და ჰანგჭოუ, სწორად ზრდას აფიქსირებენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად, მილიონერების გადინების ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2025 წელს დააფიქსირებენ BRICS-ის სხვა წევრები, მათ შორის ინდოეთი და სამხრეთი აფრიკა.
Henley-ის ანგარიშით, მილიონერი მოსახლეობის შემაშფოთებელი გადინებებია მოსალოდნელი ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში. მაგალითისთვის, გერმანიაში ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა 2023-2024 წლებში 114%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნიდან მდიდარი მოსახლეობის გადინებაში აისახება. თუმცა კარგ შედეგებს აფიქსირებს იტალია, რომელიც მილიონერთა შედინებით ტოპ-3 ქვეყანას შორისაა. იტალიის შემთხვევაში, ცხოვრების მაღალ ხარისხთან ერთად, მდიდარ ინვესტორებში განსაკუთრებით პოპულარული სპეციალური საგადასახადო რეჟიმი, „CR7 წესია“ (კრიშტიანუ რონალდუს პატივსაცემად შემუშავებული აკრონიმი), რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებს, საცხოვრებლად წლიურ ფიქსირებულ გადასახადს – 200,000 ევროს სთავაზობს.
ქვეყნები, 2025 წელს მილიონერ მიგრანტთა ყველაზე მაღალი შედინებით:
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 9,800 მილიონერი
ამერიკის შეერთებული შტატები – 7,500 მილიონერი
იტალია – 3,600 მილიონერი
შვეიცარია – 3,000 მილიონერი
საუდის არაბეთი – 2,400 მილიონერი
სინგაპური – 1,600 მილიონერი
პორტუგალია – 1,400 მილიონერი
საბერძნეთი – 1,200 მილიონერი
კანადა – 1,000 მილიონერი
ავსტრალია – 1,000 მილიონერი
ქვეყნები, 2025 წელს მილიონერ მიგრანტთა ყველაზე მაღალი გადინებით:
გაერთიანებული სამეფო – 16,500 მილიონერი
ჩინეთი – 7,800 მილიონერი
ინდოეთი – 3,500 მილიონერი
სამხრეთი კორეა – 2,400 მილიონერი
რუსეთის ფედერაცია – 1,500 მილიონერი
ბრაზილია – 1,200 მილიონერი
საფრანგეთი – 800 მილიონერი
ესპანეთი – 500 მილიონერი
გერმანია – 400 მილიონერი
ისრაელი – 350 მილიონერი