აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტზე 200%-იანი ტარიფების დაწესება დააანონსა. ტრამპის განცხადებით, ტარიფებს ადმინისტრაცია დაამტკიცებს და ისინი ერთ წელიწადში ამოქმედდება. ტრამპის ახალმა ტარიფებმა შესაძლოა დაახლოებით $200 მილიარდის იმპორტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს და ამერიკელებისთვის მედიკამენტების ფასებიც გაზარდოს, რაც როგორც აშშ-ის მოსახლეობის, ისე იმპორტიორების შეშფოთებას იწვევს.
კაბინეტის სხდომაზე ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ფარმაცევტულ პროდუქციაზე ტარიფებთან დაკავშირებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს. ტარიფების ამოქმედებამდე, კომპანიებს თავიანთი წარმოების აშშ-ში გადასატანად დაახლოებით ერთი წელი მიეცემათ. ტრამპის პროგნოზით, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტზე 200%-მდე გადასახადები განისაზღვრება.
ფარმაცევტული პროდუქტები ამჟამად, ტრამპის მიერ თითქმის ყველა ქვეყნისთვის გამოცხადებული „განთავისუფლების დღის“ ფართომასშტაბიანი ტარიფებისგან თავისუფალია. თუმცა აღნიშნულ სექტორს, დამატებითი ტარიფების დაწესებით, ტრამპი წარსულშიც არაერთხელ დაემუქრა. გაურკვეველია, თუ როდის გამოაცხადებს ტრამპის ადმინისტრაცია ახალ ტარიფებს, ან როდის შევა ისინი ძალაში, კომპანიებისთვის მიცემული 1-წლიანი შეღავათიანი პერიოდის გათვალისწინებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წელს $212 მილიარდის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტი განხორციელდა. აშშ-ში ფარმაცევტული პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორები ირლანდია ($50.3 მილიარდი), შვეიცარია ($19 მილიარდი), გერმანია ($17.1 მილიარდი), სინგაპური ($15.3 მილიარდი) და ინდოეთი ($12.5 მილიარდი) არიან.
ცნობისთვის, სამშაბათს, ტრამპმა სპილენძის იმპორტზე 50%-იანი ტარიფის დაწესებაც დააანონსა და მიანიშნა, რომ დამატებითი გადასახადები შესაძლოა ისეთ პროდუქციაზეც გავრცელდეს, როგორიც, მაგალითად, ნახევარგამტარები და ჩიპებია.