ორ წელზე ნაკლებ დროში ChatGPT-მ ყოველთვიურად 500 მილიონი აქტიური მომხმარებელი (MAU) მოიპოვა. გამოყენების ზრდასა და მომხმარებლის ქცევის ევოლუციასთან ერთად, ChatGPT-ისთვის გაგზავნილი თხოვნების შინაარსიც იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასთან დაკავშირებით თხოვნები კვლავ დომინირებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი წილი მნიშვნელოვნად შემცირდა — 2024 წლის აპრილში 44%-დან 2025 წლის აპრილისთვის 29%-მდე. ეს მიანიშნებს, რომ ChatGPT-ის პირველ მომხმარებლებს შორის ძირითადად დეველოპერები ჭარბობდნენ.
Visual Capitalist-მა, Sensor Tower-ის მონაცემების საფუძველზე, 2025 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში, ChatGPT-ისთვის გაგზავნილი თხოვნები კატეგორიების მიხედვით დაალაგა.
თხოვნების თემატიკა | წილი (2025) | წილი (2024) |
---|---|---|
პროგრამული უზრუნველყოფა | 29% | 44% |
ისტორია და საზოგადოება | 15% | 13% |
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება | 14% | 15% |
ეკონომიკა, ფინანსები და საგადასახადო საკითხები | 13% | 4% |
გართობა | 8% | 6% |
განათლება და აკადემიური წრეები | 7% | 6% |
ტექნოლოგიური ბრენდები და პლატფორმები | 5% | 4% |
სამართალი და იურიდიული საკითხები | 4% | 3% |
აშშ-ის პოლიტიკა და მთავრობა | 3% | 2% |
კლიმატი და გარემო | 2% | 3% |
პროგრამირების სხვადასხვა ენაზე კოდირების ამოცანების გამარტივებასთან ერთად, ChatGPT მომხმარებლებს შეცდომების აღმოჩენასა და ავტომატიზაციაშიც ეხმარება. თუმცა 2025 წლისთვის ეს კატეგორია უკვე აღარ არის ისეთი დომინანტური, როგორც წინა წელს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პირველადი მომხმარებლები, ძირითადად პროგრამისტები, ახლა უკვე უფრო ფართო აუდიტორიებს უწევენ კონკურენციას.
როგორც ხედავთ, ეკონომიკის, ფინანსებისა და საგადასახადო საკითხების კატეგორია ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. მისი წილი ერთ წელიწადში სამჯერ გაიზარდა (4%-დან 13%-მდე). ეს ზრდა იმითაც არის განპირობებული, რომ მომხმარებლები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ ChatGPT-ს საფონდო ბაზრების, საინვესტიციო სტრატეგიებისა და გლობალური ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად.
ამგვარად, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი აჩვენებს, რომ ChatGPT უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტებისა და პროგრამისტების დამხმარე ინსტრუმენტი. მისი გამოყენება სხვა სფეროებშიც — ფინანსები, განათლება, სოციალური საკითხები, კულტურა — დღითიდღე იზრდება.