ევროკავშირი რუსეთის სანქციების ახალ პაკეტზე კვლავ ვერ თანხმდება - დიპლომატები

ევროკავშირი რუსეთის სანქციების ახალ პაკეტზე კვლავ ვერ თანხმდება - დიპლომატები

მედიასააგენტო Reuters-ისათვის ოთხი სხვადასხვა დიპლომატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას კვლავ ვერ აღწევს, რისი მიზეზიც სლოვაკეთის წინააღმდეგობაა, რომელიც გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით დათმობებს ითხოვს.

ანონიმური დიპლომატების ინფორმაციით, სლოვაკეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე სანქციების ახალ პაკეტს ვეტო დაადო. მათივე ცნობით, წინააღმდეგობა გამოთქვა მალტამაც.

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, სანქციების ახალ პაკეტს მანამდე არ დაუჭერს მხარს, სანამ არ მიიღებს გარანტიას, რომ ევროკავშირის გეგმით, 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტი თანდათან სრულად შეწყდეს, ქვეყანა თავად არ დაზარალდება.

საინტერესოა, რომ ევროკავშირის აღნიშნულ გეგმას დასამტკიცებლად მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა სჭირდება და სლოვაკეთის ვეტო ამ გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს. სანქციების შემთხვევაში კი, პაკეტის დასამტკიცებლად ბლოკის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო. შესაბამისად, სლოვაკეთის მთავრობა პოლიტიკურ ბერკეტს გარანტიების მისაღებად იყენებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის გეგმა (უარი თქვას რუსულ ენერგორესურსებზე 2027 წლის ბოლომდე) ერთგვარი სანქციაა, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს ბუნებრივად ვაკავშირებთ სანქციათა ახალი პაკეტის ინიციატივასთან“, – აღნიშნავს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისათვის მიწერილ წერილში. „ამიტომაც გვაქვს მოლოდინი, რომ სანქციების მე-18 პაკეტზე კენჭისყრა მას შემდეგ შედგება, რაც 2028 წლიდან გაზით მომარაგების მიმართულებით არსებული რისკები სრულად აღმოიფხვრება“, – განაცხადა ფიცომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქციათა მე-18 პაკეტზე მუშაობს. ზემოთ აღწერილი მიზეზით კი სლოვაკეთი წინააღმდეგობას გამოთქვამს. სლოვაკეთის მთავრობა ფიქრობს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმა ენერგოდეფიციტს და ფასებისა და ტრანზიტული ხარჯების ზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, სლოვაკეთს რუსულ ენერგოკომპანია Gazprom-თან კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. ამ მიზეზით, რობერტ ფიცო ევროკავშირის გეგმის 2034 წლიდან ამოქმედებას უჭერს მხარს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.