Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებმა ხუთშაბათს აქციონერთა ჯგუფთან, რომელიც მათ მომხმარებელთა მონაცემების შეგნებულად შეგროვებასა და მესამე მხარისთვის გადაცემას ედავებოდა, შეთანხმებას მიაღწიეს. ამით ხანგრძლივი $8-მილიარდიანი დავა დასრუდა.
Facebook-ის (ამჟამად Meta) აქციონერების წარმომადგენელმა ადვოკატმა, სემ კლოსიკმა, დელავერის შტატის სასამართლოში მოსამართლე კეტლინ მაკკორმიკს განუცხადა, რომ ცუკერბერგთან და კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან შეთანხმება მიღწეული იქნა. ამის შესახებ რამდენიმე მედიასააგენტომ დაწერა, თუმცა შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.
Facebook-ის აქციონერებმა კომპანიის ხელმძღვანელობას 2018 წელს უჩივლეს და განაცხადეს, რომ მათ შეგნებულად დაარღვიეს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან დადებული შეთანხმება, მომხმარებლების მეგობრების შესახებ მონაცემების მესამე მხარის აპლიკაციებთან გაზიარებით, ამ მეგობრების ინფორმირების გარეშე.
შეგახსენებთ, Facebook-მა, რომელმაც 2021 წელს სახელი შეიცვალა და Meta-დ რებრენდინგდა, 2012 წელს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კომპანია დათანხმდა შეექმნა „ყოვლისმომცველი კონფიდენციალურობის პროგრამა“, რათა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა. ასევე აიღო ვალდებულება, არ მოატყუებინა მომხმარებლები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდა და ავრცელებდა კომპანია მათ ინფორმაციას.
მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ Facebook-ი მესამე მხარის აპებს (სხვადასხვა გარე კომპანიების აპლიკაციებს) ისევ აძლევდა მომხმარებელთა მეგობრების მონაცემებზე წვდომას – მათ შორის იმ მეგობრების მონაცემებზე, ვინც იმ აპლიკაციას თავად არ იყენებდა. მათივე თქმით, ცუკერბერგმა და Facebook-ის ხელმძღვანელობამ შეგნებულად არ შეასრულეს ეს ხელშეკრულება, რადგან მათ კონკრეტულ კომპანიებთან დადეს შეთანხმებები, რის საფუძველზეც ამ კომპანიებს მომხმარებლების მეგობრების მონაცემებზე წვდომას აძლევდნენ.
მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ Facebook-ი მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით შეთანხმებებს ახორციელებდა კომპანიებთან, რომლებსაც ვენჩურული კაპიტალისტები მარკ ანდრესენი და პიტერ ტილი მართავენ, ასევე Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი. აღსანიშნავია, რომ ისინი Facebook-ის საბჭოს წევრებიც იყვნენ. აქციონერები მოპასუხეებისგან ზიანის ანაზღაურებისთვის 8 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვდნენ.
ცნობისთვის, ეს საკითხი ფართოდ გახდა ცნობილი „Cambridge Analytica-ს სკანდალის“ დროს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ამჟამად გაუქმებულმა პოლიტიკურმა საკონსულტაციო ფირმამ, რომელიც 2016 წელს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მუშაობდა, Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. სავარაუდოდ, აშშ-ის 2016 წლის არჩევნებისა და Brexit-ის დროს Cambridge Analytica-მ ეს მონაცემები კომპანიის ინტერესებისთვის გამოიყენა. სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ Facebook-ი Cambridge Analytica-ს „მოტყუების“ მსხვერპლი გახდა.