აშშ-სა და ევროკავშირის შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

აშშ-სა და ევროკავშირის შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია - რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება მიღწეულია. შედეგად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საექსპორტო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის ევროპულ ავტომობილებზე, 15%-იანი გადასახადი დაწესდება. შეგახსენებთ, ტრამპის მიერ გამოცხადებული „საპასუხო ტარიფები“ ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შესულიყო.

ტრამპმა და ფონ დერ ლაიენმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ 15%-იანი ტარიფები ყველა პროდუქციაზე ერთნაირად გავრცელდებოდა, თუმცა მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ძირითადი სექტორისთვის ადმინისტრაცია კონკრეტული გადასახადების დაწესებას გეგმავს.

დონალდ ტრამპის თქმით, საპასუხოდ ევროკავშირი 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგიის შეძენას, განუსაზღვრელი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვას, შეერთებულ შტატებში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას და ევროპული ეკონომიკის ამერიკული საქონლისთვის 0%-იანი ტარიფებით გახსნას დათანხმდა.

თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა „ნულოვანი ტარიფების“ დაწესებას ზოგიერთ სტრატეგიულ საქონელზე, მათ შორის „ყველა თვითმფრინავსა და მის ნაწილებზე, გარკვეულ ქიმიკატებზე, გარკვეულ გენერიკულ პროდუქტებზე, ნახევარგამტარულ აღჭურვილობაზე, გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, ბუნებრივ რესურსებსა და კრიტიკულ ნედლეულზე“ და დასძინა, რომ ორივე მხარე იმუშავებს ამ სიის გაფართოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ 15%-იანი სატარიფო განაკვეთი აშშ-მა იაპონიასთანაც შეათანხმა. შესაბამისად, გარიგების თანახმად, იაპონურ ავტომობილებზე თავდაპირველად დაწესებული 25%-იანი ტარიფები 15%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ევრიკავშირს, მას 1-ელი აგვისტოდან 30%-იანი ტარიფების დაწესება ელოდა, თუმცა მიღწეულმა შეთანხმებამ ორ ეკონომიკას შორის მოსალოდნელი სავაჭრო ომის შიშები გააქარწყლა.