უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 18 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავა. როგორც ოფიციალურმა პირებმა ცოტა ხნის წინ დაადასტურეს, მას შეერთებულ შტატებში ევროპელი ლიდერებიც გაჰყვებიან.
ვიზიტი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის 15 აგვისტოს გამართულ შეხვედრას უკავშირდება, რომელზეც მხარეებს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე უნდა ემსჯელათ. შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ მიღწეულა, თუმცა დიდი პროგრესი იყო რიგ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინტონში ვიზიტამდე ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. როგორც ცნობილია, ზელენსკის თხოვნით, ფონ დერ ლაიენი თეთრ სახლში ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შეუერთდება.
ფონ დერ ლაიენის გარდა ზელენსკისთან ერთად ვაშინტონში გაემგზავრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.