დამოუკიდებლობის დღის წინ ევროკავშირმა უკრაინას 4 მილიარდ ევროზე მეტი (დაახლოებით 4.7 მილიარდი დოლარი) ფინანსური დახმარება გამოუყო. ცნობისთვის, წელს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 34-ედ აღნიშნავს.
„როდესაც უკრაინა 34-ე დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ევროკავშირი მკაფიო გზავნილს გზავნის: ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ ოფიციალურ პრესრელიზში – „ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი მომავლის მიმართ, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის. რადგან როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროპაც ძლიერია“.
როგორც ცნობილია, 3 მილიარდი ევრო უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში გამოიყოფა, დანარჩენი 1 მილიარდი ევრო კი ევროკომისიის მაკროფინანსური დახმარების მექანიზმის მეშვეობით. უკრაინის დახმარების მექანიზმი 2024 წლის თებერვალში დამტკიცდა, როგორც ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 33 მილიარდი ევროს (36 მილიარდი აშშ დოლარი) სესხებისა და 17 მილიარდი ევროს (18 მილიარდი აშშ დოლარი) გრანტების გამოყოფას, უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ომის შემდგომი აღდგენის მხარდაჭერისთვის.
ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერის გარდა, უკრაინის დახმარების მექანიზმი მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების მხარდაჭერასაც.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას 168.9 მილიარდ ევროზე მეტი (197.9 მილიარდი აშშ დოლარი) ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიეს.