“ეს ახალი სტილი და ახალი სიტყვაა არქიტექტურაში“, – სწორედ ასე დაახასიათეს Irakli Emiridze • Alpha Architecture -ის გამარჯვებული პროექტი ერთ-ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე A’Design Award & Competition.
კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ავლენს საუკეთესო საერთაშორისო პროექტებს. ამჯერად კი ეს საყოველთაო აღიარება ქართულმა კომპანიამ Alpha Architecture დაიმსახურა. კომოში, Teatro Sociale-ს ისტორიულ შენობაში გამართულ ცერემონიაზე ალფა არქიტექტურამ ხარისხისა და ინოვაციისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ჯილდო გადაეცა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ირინა ჭყონიას.
Alpha Architecture-ის ეს გამორჩეული პროექტია ბათუმის ჭადრაკის სასახლე. პროექტმა თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რაც Alpha Architecture-ისთვის ორმაგად სასიხარულოა. ბათუმის ჭადრაკის სასახლე პირველ რიგში სწორედ ქვეყანას ეკუთვნის და მისი ეროვნული ინტერესების განვითარებას ემსახურება.
უნიკალური დიზაინის მქონე შენობა მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია და მისი არსით საერთაშორისო მასშტაბის პროექტია. ის უმასპინძლებს ჭადრაკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან, აქ ჩატარდება მსოფლიო დონის საჭადრაკო ტურნირები და გამოფენები. ეს ყოველივე დადებითად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე კონკრეტულად საჭადრაკო ტურიზმის განვითარებაზე.
შენობის კონცეფცია სრულად ეფუძნება ჭადრაკს, რის შესამჩნევადაც აუცილებელი არ არის პროფესიონალური ხედვა. სათამაშო დაფის ალუზია, კვადრატული უჯრები, თუ შავ–თეთრი ელემენტები ქმნიან პირდაპირ ასოციაციას ჭადრაკთან. ეს ისახება როგორც შენობის ფასადზე და მოცულობაზე, ისე ინტერიერზე.
ბათუმის ჭადრაკის სასახლე, მიუხედავად მისი მასშტაბისა, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, სწორედ ისე, როგორც პარკში გადაშლილი ჭადრაკის დაფა. სიმბოლურია, რადგან თუ შენობას ზემოდან დახედავთ, ის სწორედ ჭადრაკის გადაშლილ დაფას მოგაგონებთ. სახურავი დაფის მსგავსად უჯრებად არის დაყოფილი: ნაწილი მწვანე გადახურვის, ხოლო ნაწილიც მზის პანელების სახით, რაც თავის მხრივ პროექტის ენერგოდამოუკიდებლობისთვისაა განკუთვნილი.
შენობის დაფის ამ ორი ნაწილის შუაში მინით შეფუთული ზამთრის ბაღია, რომელიც მწვანე მოსასვენებელი სივრცეა ადამიანებისთვის.
გამორჩეულია შენობის შესასვლელიც, რომელშიც შეგეგებებათ ბრინჯაოსფერი ჭადრაკის ფიგურა – ეტლი (ტურა). ეს მასშტაბური სკულპტურული ინსტალაცია კიდევ ერთი გამოკვეთილი კავშირია ჭადრაკთან და ამავდროულად საოცრად აცოცხლებს ფასადს.
შენობაში 2 სატურნირო დარბაზისა (თითოეული 600 კვ.მ.) და 8 სამეცადინო ოთახის გარდა, განთავსებულია 3 ადმინისტრაციული, 2 სამედიცინო და ერთიც 20 მონაწილეზე გათვლილი საკონფერენციო ოთახი.
ამას გარდა, ბათუმის ჭადრაკის სასახლეში ინტეგრირებულია სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები: სპორტულ–ლიტერატურული სივრცე, საგამოფენო სივრცე, კვების ობიექტი, საჭადრაკო ბიბლიოთეკა და სპორტული მაღაზია.
აგრეთვე შენობაშია სასტუმროს 15 ორადგილიანი ნომერი და ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული 2 ნომერი. სასტუმროს მობინადრეებს შეუძლიათ ისარგებლონ ფიტნეს დარბაზითაც.
საქართველოს მდიდარი საჭადრაკო ისტორია აქვს, რაც ყოველთვის იყო ქართველების სიამაყის ერთ–ერთი გამორჩეული მიზეზი. პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ ბათუმის ჭადრაკის სასახლეც ასეთივე საამაყო გახდება მთელი ქვეყნისთვის და აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე.