გუშინ Gucci-მ მილანის მოდის კვირეული ტრადიციის დარღვევით გახსნა: მოდის სახლმა ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას, პირველი კოლექცია, სახელწოდებით „La Famiglia“, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფორმატში წარადგინა.
Palazzo Mezzanotte-ში, სადაც მილანის საფონდო ბირჟაა განთავსებული, სტუმრებმა ამერიკელი სპაიკ ჯოუნზისა და ნიდერლანდელი ჰალინა რეინის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმი – „The Tiger“ – იხილეს. ფილმში დემი მურმა, ედვარდ ნორტონმა და სხვა მსახიობებმა Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორის პირველი კოლექცია მოირგეს. მათ შორის დემი მური ფილმში დემნას შექმნილი ოქროსფერი კაბით ჩნდება, შემდეგ კი დიზაინერის სხვადასხვა სამოსით გვევლინება.
„ჩემს თავში ახლა მხოლოდ Gucci-ია“, – განუცხადა დემნამ ჟურნალისტებს ღონისძიებაზე მოკლე სიტყვით გამოსვლისას. მან Gucci-ში დებიუტი მოდის სახლის სტილისტური კოდების ხელახლა განსაზღვრის პროცესის ნაწილად დაახასიათა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ჩვენებამდე, Gucci-მ დემნას პირველი კოლექციის ლუქბუქი გაავრცელა. ცნობისთვის, კოლექცია „La Famiglia“ 38 ლუქს მოიცავს და დასავლური გამოცემების მიერ Gucci-ის „ახალი ეპოქის დასაწყისად“ უკვე შეფასდა.
შეგახსენებთ, Balenciaga-სთან თითქმის 10-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, დემნა მიმდინარე წლის მარტში Gucci-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. 2015 წლიდან გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. გარდა ამისა, ის არის ტანსაცმლის ბრენდ Vetements-ის თანადამფუძნებელი, რომელთან თანამშრომლობაც 2019 წელს შეწყვიტა.