აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 8.8%-ით შემცირდა - Colliers Georgia

აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 8.8%-ით შემცირდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,889 ერთეული შეადგინა. ეს 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 8.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, ბაზრის ზომა 0.7%-ით, 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia ტრანზაქციების დეტალურ მიმოხილვასაც გვთავაზობს. მისი ცნობით, 2025 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6.4%-იანი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 0.2%-იანი კლება აღინიშნა. რაც შეეხება ძველ პროექტებს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად, 15.3%-ით არის შემცირებული.

ამავე პერიოდში, დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში 11.1%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში – 1.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 20.2%-იანი ზრდა დაფიქსრიდა. „უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის ცენტრში თვის ჭრილში ცოტა რაოდენობის ტრანზაქცია რეგისტრირდება, რის გამოც საშუალო შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად იცვლება“, – ნათქვამია Colliers Georgia-ს ანგარიშში.

ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.6%-ით – ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში კი 19.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასის 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი 5.7%-ით გაიზარდა“, – განმარტავს Colliers Georgia.