აგვისტოში ბათუმში ბინების გაყიდვები 13.6%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

აგვისტოში ბათუმში ბინების გაყიდვები 13.6%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, 13.6%-ით გაიზარდა და 1,298 ერთული შეადგინა. პარალელურად, ბაზრის ზომა 36%-ით, 80 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად თუ განვიხილავთ, გასულ თვეში ზღვისპირა ქალაქში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 16.5%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 19.4%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 27%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი – 6%-ით.

ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 24.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,358 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზე. პირველ შემთხვევაში – 39.3%-იანი, მეორე შემთხვევაში კი 9.5%-იანი ზრდა აღინიშნა.

„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის აგვისტოში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 11.8%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, – განმარტავს Colliers Georgia.