დღეს, 7 ოქტომბერს, ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა. მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ახალ წესებს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.
ახალი მექანიზმი შეეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შენგენის ზონაში განსაზღვრული ვადით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ცვლილებები ასევე გულისხმობს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წესის გამარტივებას იმ პირების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.
ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება თავდაპირველად 9 თვემდე პერიოდით არის შესაძლებელი. ამის შემდეგ, ის დამატებით შესაძლოა 18 თვემდე გახანგრძლივდეს. ახალი წესების თანახმად კი, თავდაპირველი პერიოდის ვადა 12 თვემდე გაიზრდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, 24 თვემდე გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, ახალ წესებს ფორმალურად 17 ნოემბერს უყრიან კენჭს. უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი ძალაში, სავარაუდოდ, დეკემბრის თვიდან შევა.