გერმანიის მთავრობამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიის მთავრობამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის დროებით გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. X-ის ოფიციალურ ანგარიშზე სამინისტრომ განაცხადა, რომ ფიშერს გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისა და პირადად ელჩის წინააღმდეგ „სიძულვილის გაღვივების“ გამო იწვევს.

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და პირადად გერმანიის ელჩის მიმართ სიძულვილს აღვივებს. ამ მიზეზით, საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი შემდეგი ნაბიჯების განსახილველად კონსულტაციებისთვის გაიწვიოს. ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სექტემბრის შუა რიცხვებში ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა პეტერ ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი გაძევება საჯაროდაც განიხილეს.

აღსანიშნავია, 24 სექტემბერს ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ეს „მეგობრულ სახელმწიფოებს შორის“ ურთიერთობაში უჩვეულო შემთხვევა იყო.