ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა – რა გაძვირდა?

ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა – რა გაძვირდა?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას — მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან 2.6 პროცენტი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, 2.3 პროცენტზეა.

თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი

უფრო კონკრეტულად, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა – ფასები გაიზარდა 4.2%-ით. გარდა ამისა, ბოსტნეული და ბაღჩეული 3.8%-ით გაძვირდა, პირადი ჰიგიენა – 2.7%-ით, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება – 2.4%-ით, პური და პურპროდუქტები კი – 1.9%-ით. აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი გაიაფდა – -6.8%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი გაძვირდა – ზრდამ 16.9% შეადგინა. შემდეგ მოდის თევზეული – ფასები 15.5%-ით გაიზარდა, ამის შემდეგ კი ზეთი და ცხიმი – 14.9%-იანი ზრდის მაჩვენებლით.