ინტერიერის დიზაინის სამყაროში მარიამ ხარშილაძის ნამუშევრებს სტრუქტურული გამართულობა და ემოციური დატვირთულობა გამოარჩევს. მის მიერ დაფუძნებული სტუდია Door 032 დღეს მომხმარებელს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, დაგეგმარებიდან ბოლო დეტალამდე და ქმნის სახლებს, რომლებიც დამკვეთზეა მორგებული და არა პირიქით.
ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
მარიამ, როდის და რატომ დაინტერესდი ინტერიერის დიზაინით?
დიზაინით ყოველთვის გატაცებული ვიყავი. დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია. სანამ ინტერიერის დიზაინს მოვკიდებდი ხელს, მანამდე საკმაოდ წარმატებული ფეხსაცმლის ბრენდი და როგორც ბილისში, ისე საქართველოს გარეთაც წარმატებით იყიდებოდა ჩემი დიზაინის ფეხსაცმელი.
რეალურად, ჩემი პირველი პროექტი საკუთარი სახლის ინტერიერი იყო. იმდენად გამიტაცა ამ მიმართულებამ, რომ , დროთა განმავლობაში, მივხვდი, ეს იყო სფერო, რომელშიც ყველაზე ორგანულად ვგრძნობდი თავს და ნელ-ნელა წინა ბიზნესი ბუნებრივად შეიცვალა ინტერიერის დიზაინით.
ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი მქონდა საინტერესო სივრცეების, ნივთების, ავეჯის, მასალების და საგნების მიმართ და ამ ყველაფერს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი. როდესაც უკვე ჩემით დავიწყე, მივხვდი, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმის გააზრება, რომ ადამიანებისთვის ვქმნი სივრცეებს, სადაც ყველაზე ღირებულ დროს ატარებენ.
შენი მიდგომა ეფუძნება სამ მთავარ მიმართულებას: სივრცე, ფუნქციონალი და ატმოსფერო. რატომ ეს სამეული და როგორ ახერხებ მათ ჰარმონიულად შეთავსებას?
ჩემი აზრით, კარგი დიზაინი მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის — ის უნდა უზრუნველყოფდეს ყოველდღიურ კომფორტს, სწორ ატმოსფეროსა და სასიამოვნო ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს.
ყველაფერი იწყება სივრცის სწორი განაწილებით, ხოლო შემდეგ მოდის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იცხოვრებს ადამიანი ყოველდღიურად ამ გარემოში. ატმოსფერო კი არის საბოლოო ემოცია, რაც სახლს ხასიათსა და სიმყუდროვეს აძლევს. ეს სამი ერთმანეთზეა დამოკიდებული — ერთი ვერ იმუშავებს დანარჩენი ორის გარეშე. ჩემი პროცესიც ზუსტად ამ თანმიმდევრობით ვითარდება: ჯერ სტრუქტურა, მერე დანიშნულება და ბოლოს ის დეტალები, რაც სახლს ინდივიდუალურ განწყობას აძლევს.
როგორია ინტერიერი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისთვისაც პრაქტიკულია და თანაც, გამორჩეული და პერსონალური? როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი?
ბალანსი იქ არის, სადაც ვიზუალური ნაწილი ყოველდღიურ კომფორტს ხელს არ უშლის. ინტერიერი ხდება პერსონალური მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ეფუძნება იმას, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი რეალურად: მარტო, ოჯახთან, ბავშვებთან, რა ჩვევები აქვს, როგორია მისი ცხოვრების სტილი თუ რიტმი. ეს ყველაფერი აუცილებელად გასათვალისწინებელია მათთვის სწორი სივრცის შესაქმნელად. ჩემი მიზანია, ყველა გადაწყვეტილება იყოს რეალური ცხოვრების შესაბამისი და, ამავე დროს, სტილისტურად გამოკვეთილი. ასე ჩნდება ბალანსი, როდესაც სივრცე არც მხოლოდ დეკორია და არც მხოლოდ პრაქტიკული „კარკასი“.
რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად ამ პროცესში?
ხშირია მასალების ან ავეჯის არჩევა მხოლოდ სილამაზის საფუძველზე, ფუნქციის გათვალისწინების გარეშე. საბოლოოდ, ეს ქმნის გარემოს, რომელიც შეიძლება ლამაზად ჩანდეს, მაგრამ ცხოვრებაში მოუხერხებელი აღმოჩნდეს. სწორი ინტერიერი იწყება სწორ კითხვებზე პასუხებით და არა Pinterest-ის სურათებით.

როდის შექმენი სტუდია Door032? რა იყო სახელის ინსპირაცია?
ჩვენი გუნდის პრაქტიკა უკვე ხუთი წელია არსებობს, თუმცა ბოლო დროს მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც სტუდიის ბრენდად ფორმირება და სწორი პოზიციონირება გახდა მნიშვნელოვანი.
Door032-ის ბრენდის შექმნაზე ვიმუშავეთ ნათია ჩომახაშვილის და თეა ჭანტურიძის სტუდიასთან ORS PAIR. სახელის შერჩევაც ამ პროცესის ნაწილი იყო.
Door არის სივრცეში შესვლის და ახალი ეტაპის დაწყების სიმბოლო — კარი, რომლის მიღმაც სახლი იქმნება „იდეიდან გასაღებამდე“.
032 კი თბილისის კოდია — თბილისი ჩემთვის არის ძველი და ახალის შერწყმა, მრავალფეროვანი არქიტექტურა და ხასიათი, ის სპეციფიკური ენერგია, რომელიც ქალაქს თავის სახეს აძლევს.
რა არის Door032–ის ნიშა ბაზარზე და რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს?
ვქმნით სივრცეებს, რომლებიც იდეიდან იწყება და გასაღების ჩაბარებით სრულდება. დაგეგმარებიდან ბოლო ნივთამდე, Door032 უძღვება მთელ პროცესს და თითოეულ სივრცეს აძლევს პერსონალურ ხასიათს, იქნება ეს ძველი თბილისის ისტორიული ბინა თუ თანამედროვე შენობა.
სამუშაო პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ სტუდია მუშაობს სხვადასხვა ფორმატში — როგორც მხოლოდ დიზაინ-პროექტებზე, ისე სრული ციკლის მომსახურებაზე. Door032, პირველ რიგში, დიზაინს განსაზღვრავს, მაგრამ აგრეთვე შეუძლია შეითავსოს: რემონტის სრული პროცესი, პროექტის დაგეგმარება, მასალების, ავეჯის და ნივთების შერჩევა და განლაგება, საჭიროების შემთხვევაში კი ინდივიდუალური ავეჯის შექმნაც და ამ ყველაფრის ზედამხედველობა. ეს პროცესი კლიენტებისთვის გამარტივებულია და უზრუნველყოფს ინდივიდუალური დიზაინის, ხარისხიან და ფუნქციურად გამართულ სახლს.
ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. როგორ ახერხებ პროცესის ეფექტიანად მართვას? რომელი ეტაპია ყველაზე საპასუხისმგებლო?
სრული ციკლი მართლაც შრომატევადია, ამიტომ აუცილებელია კარგად აწყობილი სისტემა და სწორი გუნდი. წლების განმავლობაში, ვისწავლეთ პროცესების ისე დალაგება, რომ ეს არც ჩვენთვის და არც კლიენტისთვის სტრესული არ იყოს. თითოეული ეტაპი, იქნება ეს დაგეგმარება, დიზაინი თუ რემონტი, მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, ამიტომ მუშაობის სტრუქტურა არის ძალიან მკაფიო და გამჭვირვალე.
რას აფასებენ კლიენტები შენთან და Door032-თან მუშაობისას ყველაზე მეტად?
ორი ტიპის უკუკავშირს გამოვყოფდი: პირველია ჩვენთან მუშაობის პროცესის სიმარტივე და კომფორტი, მეორე კი მოლოდინებთან სრული შესაბამისობა დიზაინის თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში.
რატომ უნდა იყოს დიზაინი პერსონალური? როგორ ახერხებ, რომ დამკვეთის პერსონალურ მოთხოვნილებებს საკუთარი ხედვა შეუთავსო და საბოლოოდ, ეს ყველაფერი დიზაინში აისახოს?
ინტერიერი სწორად შერჩეული მაშინაა, როცა ის რეალურად ემსახურება კონკრეტულ ადამიანს და არა ზოგად სტილს. ყველას აქვს განსხვავებული გემოვნება, ჩვევები და მოთხოვნები. დიზაინერის როლი ზუსტად ამ ინდივიდუალურობასთან თანხვედრაა. ჩემი მიზანია, დავანახო კლიენტს, როგორ შეიძლება მისი სურვილები გადაიქცეს სწორ და გემოვნებიან ინტერიერულ გადაწყვეტილებად.

რა ხდება მაშინ, თუ კლიენტისა და დიზაინერის ხედვები თანხვედრაში არაა? როგორია შენთვის იდეალური კლიენტი?
სრული დამთხვევა ყოველთვის აუცილებელი არ არის. მთავარია საერთო ენის პოვნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთი დარჩეს კმაყოფილი.
რა ტენდენციებია ამჟამად ინტერიერის დიზაინის მიმართულებით საქართველოში და რა მიმართულებით ვითარდება ინდუსტრია?
რთულია ტენდენციებზე ვისაუბროთ, როდესაც ვსაუბრობთ ინდივუდუალურ პროექტებზე. უფრო და უფრო იზრდება ინტერესი მინიმალისტურ და ფუნქციურ საცხოვრებლებზე, სადაც ესთეტიკა და ყოველდღიური ცხოვრება ჰარმონიაშია. კვლავ აქტუალურია ძველი თბილისის ინტერიერების გაახლება, მათი ისტორიული ხასიათის შენარჩუნებით.
მართალია, Door032 უკვე მუშაობს მომსახურების სრულ ციკლზე, მაგრამ არის თუ არა რაიმე, რისი დამატებაც გსურს? როგორია როგორც პერსონალური, ისე სტუდიის გეგმები?
სხვადასხვა პროექტში ინდივიდუალური ავეჯისა და ობიექტების შექმნამ დაგვანახა მოთხოვნა ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე ამას კონკრეტული პროექტებიდან გამომდინარე ვაკეთებთ, თუმცა, მომავალში, Door032-ის სახელით გვინდა ობიექტებისა და ავეჯის საკუთარი ხაზის განვითარება. ეს იქნება ჩვენს ესთეტიკასა და დიზაინერულ ენაზე დაფუძნებული პროდუქცია.










