ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რომლებიც, მათი თქმით, რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობისთვის სასჯელს წარმოადგენს. ამავდროულად, როგორც დასავლურ მედიაში იწერება, ტრამპის ადმინისტრაცია ათობით ირანელის დეპორტაციასაც გეგმავს, რომელთაგან ზოგიერთს შესაძლოა სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ემუქრებოდეს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციები შეეხება ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“, კერძოდ მასში შემავალ ცხრა გემს, რომლებიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ. უწყების განცხადებით, ამ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი ირანის რეჟიმის მიერ გამოიყენება „ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებისთვის, შეიარაღების პროგრამებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების გასაძლიერებლად და არა იმ ეკონომიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რასაც ირანელი ხალხი ითხოვს“.
გარდა ამისა, გაიყინება ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაში იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. აღნიშნული კომპანიები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, ომანში, სეიშელის კუნძულებზე, მარშალის კუნძულებსა და ლიბერიაშია რეგისტრირებული.
ამავე დროს, გამოცემა MS Now-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია დაახლოებით 40 ირანელის დეპორტაციას გეგმავს. ფრენა, წყაროთა ცნობით, არიზონიდან დღეს, 25 იანვარს, უნდა განხორციელდეს. მედიის ცნობით, დეპორტირებულთა შორის სულ მცირე ორი ჰომოსექსუალი მამაკაცია, რომლებიც ირანიდან ოთხი წლის წინ გაიქცნენ. გაქცევამდე ისინი ირანში დააკავეს და იქ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე იყვნენ. ქვეყანაში ჰომოსექსუალობა დანაშაულად მიიჩნევა.
როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, დაგეგმილმა დეპორტაციებმა და იმ რისკმა, რომ ირანში დაბრუნებულ მიგრანტებს მძიმე რეპრესიები შეიძლება ელოდეთ, ირანელი დემონსტრანტების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებულ მხარდაჭერაზე და მის რეალურ მოტივებზე კითხვები გააჩინა.









