სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა.
2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. მათ შორის ლიდერობენ ქვეყნები: ყირგიზეთი თითქმის 1.499 მილიარდი დოლარით, ყაზახეთი 910 მილიონი დოლარითა და რუსეთი 749.3 მილიონი დოლარით.
იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს
ყირგიზეთის წილი მთლიან ექსპორტში 20.6%-ს შეადგენს, ექსპორტის მაჩვენებელი კი წლიურ ჭრილში 16.4%-ით არის გაზრდილი. ყაზახეთის წილი 12.5%-ს უტოლდება. 2025 წელს საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტი 5.8%-ით გაზიარდა. რაც შეეხება რუსეთს, რომელიც უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს, მისი წილი მთლიან ექსპორტში 10.3%-ს შეადგენს. რუსეთის შემთხვევაში მაჩვენებელი 10.3%-ით არის გაზრდილი.
2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში საქართველოდან 2.81 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, რაც მთელი ექსპორტის 38.6%-ს შეადგენს.
მეორე ადგილს, 378.9 მილიონი აშშ დოლარით, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს. მთლიან ექსპორტში ამ სასაქონლო ჯგუფის წილი 5.2%-ს გაუტოლდა.
მესამე პოზიციაზე სპირტიანი სასმელებია. 2025 წელს საქართველოდან 282.5 მილიონი აშშ დოლარის სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 3.9%-ს შეადგენს.
იხილეთ ასევე: საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა 2025 წელს
უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში შორის ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელს თხილისა და სხვა კაკლების შემთხვევაში აღინიშნა. კერძოდ, მათი ექსპორტის მაჩვენებელი 61.5%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი კლება კი ფეროშენადნობების კუთხით დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 30%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კლება დაფიქსირდა ასევე სპირტიანი სასმელებისა და ყურძნის ნატურალური ღვინოების მიმართულებით. მაჩვენებლები, შესაბამისად, 2.1 და 2.9%-ით შემცირდა.









