ფოტო: Pierre-Yves Babelon/Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 25.82 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 7.29 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო იმპორტი თითქმის 18.53 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. პირველ შემთხვევაში ზრდამ 11.2% შეადგინა, მეორე შემთხვევაში კი 9.7%-იანი მატება აღინიშნა. 2025 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 11.23 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ექპორტისა და იმპორტის დაჯამების შემდეგ, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: პირველ ადგილზეა თურქეთი 3.10 მილიარდ აშშ დოლაზე მეტით, მეორე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 2.84 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით და მესამე პოზიციაზეა რუსეთი თითქმის 2.69 მილიარდი აშშ დოლარით.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ექსპორტში რუსეთი მესამე პოზიციაზეა 749.29 მილიონი აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, ის 1.93 მილიარდი აშშ დოლარით, მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 10.3%-ით არის გაზრდილი, მეორე შემთხვევაში კი – 4.9%-ით.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან, 2025 წელს ყურძნის ნატურალური ღვინოები ლიდერობს. ამ პროდუქტის ექსპორტის მოცულობამ 170.66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 157.93 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) იკავებს 71.03 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულში მოხვდა მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრის შემცველობით), ასევე ხილი, კაკალი და საკვებად ვარგისი მცენარის სხვა ნაწილები, შესაბამისად, 50.75 მილიონითა და 50.31 მილიონი აშშ დოლარით.
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს, ამ შემთხვევაში, 477.67 მილიონი აშშ დოლარით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ლიდერობს, მეორე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია 206.40 მილიონი აშშ დოლარით, მესამე პოზიციას კი ხორბალი და მესლინი იკავებს 102.27 მილიონი აშშ დოლარით. ხუთეულს ასრულებს ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები, შესაბამისად, 95.84 და 56.87 მილიონი აშშ დოლარით.












