ფოტო: Getty Images
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 1.87%-ით, 1.23 მილიარდი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 66.93 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.82% შეადგინა.
სებ-ის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 447.02 მილიონი ლარით, 1.42%-ით შემცირდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კლებამ 1.41% შეადგინა. ამავდროულად, 4.90%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.79%-ით), 1.68 მილიარდი ლარით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი დეკემბრის ბოლოსთვის 52.27%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან მიმართებით 0.18 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.49% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.34%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.60%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.27%, ხოლო ევროს წილმა 20.07% შეადგინა.












