თიბისი ჯგუფის მენეჯმენტში ცვლილებებია – თიბისი ბანკი საქართველოს გენერალური დირექტორის პოზიციას გიორგი თხელიძე დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი თხელიძე თიბისი ბანკს 2014 წელს შეუერთდა რისკების დირექტორის პოზიციაზე. 2016 წლიდან დღემდე კი ის თიბისი ბანკში კორპორაციული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების დირექტორის პოზიციას იკავებს. გიორგი ახალ პოზიციაზე საქმიანობას 2026 წლის 1-ელი მარტიდან შეუდგება.
თიბისიში მისვლამდე გიორგი თხელიძე დიდ ბრიტანეთში Barclays Investment Bank-ში მუშაობდა, სადაც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფში (FIG) ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ეკავა. ის წარსულში ასევე იყო სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი.
როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, გიორგი სტენფორდის აღმასრულებელი პროგრამის (SEP) კურსდამთავრებულია, ფლობს ლონდონის ბიზნესსკოლის (LBS) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ასევე ნოტინგემის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო კომერციულ სამართალში (LLM) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს იურისპრუდენციაში.











