რუსეთი 1-ელი აპრილიდან Telegram-ის სრულად დაბლოკვას გეგმავს

რუსეთი 1-ელი აპრილიდან Telegram-ის სრულად დაბლოკვას გეგმავს

ფოტო: Mikhail Grebenshchikov/RBC

 

Telegram-ის არხმა Baza-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აღნიშნული სოციალური ქსელის სრულად დაბლოკვას 1-ელი აპრილიდან დაიწყებს. რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს (როსკომნადზორი) ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით Telegram-ზე წვდომა რუსეთმა 10 თებერვლიდან შეზღუდა. კერძოდ, Kommersant-ის ცნობით, სერვისის დომენისთვის მოთხოვნების დამუშავებისთვის საჭირო დრო გაორმაგდა. როსკომნადზორის განცხადებით, სამართლებრივი დარღვევების გამო, Telegram-ზე შეზღუდვები კვლავ გაგრძელდებოდა.

რუსეთის რეგულაციები უცხოურ კომპანიებს მომხმარებლების მონაცემების ქვეყნის შიგნით შენახვას ავალდებულებს და, ამასთან ერთად, კომპანიებისგან მოითხოვს, შეწყვიტონ თავიანთი სერვისების გამოყენება, როგორც კრემლი მათ უწოდებს, „კრიმინალური და ტერორისტული მიზნებისთვის“.

Telegram-ის შეზღუდვის საპირისპიროდ, კრემლი ღიად უჭერს მხარს პლატფორმის კონკურენტ Max-ს, რომელიც Facebook-ის რუსული ანალოგის, VK-ის მიერაა შემუშავებული. Max-ი შეტყობინებების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებისთვის გადახდებსა და სამთავრობო სერვისებზე წვდომასაც უზრუნველყოფს.

კრემლმა Telegram-ის აკრძალვა წარსულშიც სცადა. მათ შორის, გასული წლის აგვისტოში, როდესაც Telegram-ითა და WhatsApp-ით ზარების განხორციელება შეზღუდა. მაშინ როსკომნადზორის მიერ აკრძალვის მიზეზად კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გამარტივება დასახელდა, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმები ტერორიზმისა და თაღლითობის საქმეების გამოსაძიებლად სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაციას არ უზიარებდნენ.

Telegram-ის დამფუძნებელი წარმოშობით რუსი მილიარდერი პაველ დუროვია. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პლატფორმა VKontakte-ზე ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. Telegram-ი დუროვმა 2013 წელს დაარსა. პლატფორმამ უარი განაცხადა, შეესრულებინა სასამართლო დადგენილება, რომელიც Telegram-ისგან მისი მომხმარებლების დაშიფრულ შეტყობინებებზე სახელმწიფოსთვის წვდომის მიცემას მოითხოვდა.