ფოტო: Zuzana Gogova/Getty Images
უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი წყვეტენ დიზელის ექსპორტს უკრაინაში, რის მიზეზადაც „დრუჟბის“ მილსადენის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის შეჩერება დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია Kyiv Independent-მა გაავრცელა.
უკრაინა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეამცირონ რუსული ენერგიის შესყიდვები, რომლებიც მოსკოვის ომის დაფინანსებას უწყობს ხელს. აღნიშნული ქვეყნები კი, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კიევი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განზრახ საფრთხეში ჩაგდებაში პირდაპირ დაადანაშაულა. „პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო არ განაახლოს ნავთობის ტრანზიტი, რითაც განზრახ საფრთხეში ჩააგდო უნგრეთის ენერგომომარაგება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიწოდება არ განახლდება მანამ, სანამ „დრუჟბის“ მილსადენის გავლით ტრანზიტი არ აღდგება.
სიიარტომ გამაფრთხილებელი ტონით ისიც აღნიშნა, რომ უნგრეთი უკრაინის ენერგორესურსებით მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. „უკრაინის გაზის, ელექტროენერგიისა და დიზელის იმპორტის დიდი ნაწილი უნგრეთიდან ან უნგრეთის გავლით ხორციელდება“, – თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ნავთობგადამმუშავებელი კომპანია „სლოვნაფტი“ უკრაინაში საწვავის ექსპორტს შეაჩერებს და წარმოებას შიდა ბაზარზე გადაამისამართებს. მან დასძინა, რომ „დრუჟბის“ მილსადენის საკითხზე ბრატისლავამ კიევისგან განმარტება მოითხოვა, ხოლო სლოვაკეთის ელჩმა, პაველ ვიზდალმა, უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური ნოტა გაუგზავნა.
უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, „დრუჟბის“ მილსადენით ტრანზიტი იანვრის ბოლოდან რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების გამოა შეჩერებული. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ, გასულ კვირას გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დამწვარი მილსადენია ასახული.









