ფოტო: Michele Limina/Bloomberg
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს თეთრ სახლში შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის, Novartis-ის აღმასრულებელ დირექტორს, ვას ნარასიმჰანს შეხვდა. ტრამპის თქმით, შეხვედრის დროს ნარასიმჰანმა უთხრა, რომ მისი კომპანია აშშ-ში 11 ქარხანას აშენებს.
Reuters-ის ცნობით, Novartis-ის წარმომადგენლმა განუცხადა, რომ კომპანია აფასებს შესაძლებლობას, აშშ-ის მთავრობას გააცნოს საკუთარი პროგრესი, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინასა და კალიფორნიაში წარმოების გაფართოება და კვლევითი ობიექტების მშენებლობის დაწყება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, Novartis-ი ფლორიდაში ახალი საწარმოს დამატებით რადიოლიგანდური თერაპიის ქსელის გაფართოებასაც გეგმავს.
როგორც Reuters-ი წერს, Novartis-ის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც ელექტრონული ფოსტით მიიღო, არ არის დეტალები აშშ-ში დაგეგმილი ობიექტების რაოდენობის შესახებ.
გასულ წელს შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ში 10 ობიექტის აშენებასა და გაფართოებაზე 23 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტრამპის ადმინისტრაცია წამლების იმპორტზე გადასახადების დაწესებით დაიმუქრა.









