ფოტო: Kevin Dietsch/Getty Images
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება 6-3 ხმით მიიღეს. ამით სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა.
ცნობისთვის, IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე. მოსამართლეთა მცირე ჯგუფმა განაცხადა, რომ ტრამპი ტარიფების დასაწესებლად კანონს „პრეზიდენტის „ლეგიტიმური ქმედების“ მიღმა“ იყენებს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო და ტარიფები უკანონოდ ცნო ქვედა ინსტანციის ორმა სასამართლომ, თუმცა ისინი ძალაში დარჩა, ვიდრე ამ საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავდა.
როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ ახალი ტარიფების დაწესებას სხვა კანონების შესაბამისად, თუ IEEPA-ის ფარგლებში დაწესებული გადასახადები გაუქმდება. თუმცა, გამოცემის თქმით, სასამართლოს მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება უკვე არსებულ ტარიფებს შეაჩერებს და მომავალში მთავრობისთვის ასეთი ფართომასშტაბიანი გადასახადების დაწესებას გაართულებს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, მოითხოვონ მილიონობით დოლარის უკან დაბრუნება, რომელიც მათ ტარიფების სახით უკვე გადაიხადეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა უნივერსალური, 10%-იანი ტარიფი, დააწესა ყველა ქვეყნიდან საქონლის იმპორტზე, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფოს შემთხვევაში გადასახადი დამატებით გაზარდა.








