ფოტო: Reuters
დონალდ ტრამპის განაცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ „განთავისუფლების დღის“ ტარიფების გაუქმების საპასუხოდ, დამატებით 10%-იან გლობალურ ტარიფს დააწესებს. მან სასამართლოს ნაბიჯს „საშინელი გადაწყვეტილება“ უწოდა და გააკრიტიკა მოსამართლეები, რომლებმაც ის დაამტკიცეს.
„ჩემთვის დიდი პატივია, ოვალური კაბინეტიდან ხელი მოვაწერო გლობალურ 10%-იან ტარიფს ყველა ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის დაუყოვნებლივ ამოქმედდება. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ – დაწერა Truth Social-ის პლატფორმაზე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განმარტებით, ის 10%-იან გლობალურ ტარიფს 1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლის შესაბამისად დააწესებს.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მიერ პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებას, ტრამპმა ამის შესახებ განაცხადა: „გადაწყვეტილება არასწორია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი ალტერნატივები გვაქვს“.
გუშინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ხმების განაწილებით, 6 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. ამით სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა 1977 წლის კანონის – საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA) – გამოყენებით უფლებამოსილებას გადაამეტა.
ცნობისთვის, IEEPA პრეზიდენტებს უფლებამოსილებას აძლევს დააწესონ ეკონომიკური სანქციები ეროვნული საგანგებო სიტუაციების დროს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ ეს უფლებამოსილება ტარიფების დაწესებას მოიცავს. ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ შეიძლება გავრცელდეს ტარიფებზე.
1974 წლის სავაჭრო აქტის 122-ე მუხლი კი პრეზიდენტს 150 დღის განმავლობაში 15%-მდე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებს. ამის შემდეგ საკითხს კონგრესი განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითია.
თეთრ სახლის განცხადებით, ახალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ტრამპის ბრძანება ძალაში 24 თებერვალს შევა.








