ფოტო: SeongJoon Cho/Bloomberg
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. მისი ინფორმაციით, შეზღუდვები ფლოტში შემავალი გემების 225 კაპიტანს შეეხება.
„დღეს უკრაინამ ახალი სანქციები დააწესა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართული გემების 225 კაპიტნის წინააღმდეგ. ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას და მათ გლობალურს გავხდით ყველას წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ომისთვის ფულის შოვნაში ეხმარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, მომდევნო სანქციების პაკეტის ფარგლებში მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს. უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვაზე იმ გემებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტისთვის გამოიყენება. მისი შეფასებით, მსგავსი ნაბიჯი კრემლს „ომიდან დიპლომატიაზე – რეალურ დიპლომატიაზე“ გადასვლას აიძულებს.
ევროკომისია ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს ამზადებს, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცებას ელოდება. წინადადება მოიცავს რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვას და შესაძლოა, საბოლოოდ 24 თებერვლისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისთვის, დამტკიცდეს.
ბოლო თვეებში დასავლეთის მთავრობებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ კონტროლი გააძლიერეს. მასში შემავალ გემებს, ყალბი დროშების ქვეშ ცურვით, მოსკოვი ნავთობის ექსპორტზე დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. იანვარში რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ, რუსეთთან დაკავშირებული გემების წინააღმდეგ, შეზღუდვები დააწესეს.








