ევროკავშირი აშშ-ს: „შეთანხმება არის შეთანხმება“ – ბრიუსელი ტარიფების ზრდას არ მიიღებს

ევროკავშირი აშშ-ს: „შეთანხმება არის შეთანხმება“ – ბრიუსელი ტარიფების ზრდას არ მიიღებს

ფოტო: IAPP

 

ევროკავშირის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ტარიფების ზრდას არ მიიღებს და ვაშინგტონს გასული წლის სავაჭრო შეთანხმების პირობების სრულად დაცვას სთხოვს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული გლობალური ტარიფები გააუქმა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ახალი, დროებითი ტარიფები გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დონალდ ტრამპმა თავდაპირველად 10%-იანი საყოველთაო ტარიფები დააწესა, რომლებიც ერთი დღის შემდეგ 15%-მდე გაზარდა.

ევროკომისიამ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს სავაჭრო პოლიტიკაზე, განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა უზრუნველყოს „სრული სიცხადე“ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელთა გადადგმასაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გეგმავს.

კომისიის განცხადებით, არსებული ვითარება არ უწყობს ხელს „სამართლიან, დაბალანსებულ და ორმხრივად მოგებიან“ ტრანსატლანტიკურ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, როგორც ეს გასული წლის ერთობლივ განცხადებაში იყო შეთანხმებული. „შეთანხმება არის შეთანხმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაპირველად, პარასკევს, კომისია მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სწავლობდა და აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონტაქტს ინარჩუნებდა. თუმცა ბოლო განცხადება აჩვენებს, რომ ბრიუსელის პოზიცია მნიშვნელოვნად გამკაცრდა.

შეგახსენებთ, გასული წლის სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირის უმეტეს პროდუქტზე აშშ-ის ტარიფი 15%-ით განისაზღვრა, გარდა იმ სექტორებისა, სადაც ცალკეული, სექტორული ტარიფები მოქმედებს, მაგალითად ფოლადზე. ამავე შეთანხმებით, გარკვეულ პროდუქციაზე, მათ შორის თვითმფრინავებსა და სათადარიგო ნაწილებზე, ნულოვანი ტარიფი დაწესდა.

ევროკავშირმა თავის მხრივ შეამცირა ან გააუქმა იმპორტის გადასახადები მრავალი ამერიკული პროდუქტის მიმართ და უარი თქვა საპასუხო ტარიფების ზრდის გეგმაზე.

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის პროდუქცია უნდა სარგებლობდეს „ყველაზე კონკურენტული პირობებით“ და ტარიფები არ უნდა გაიზარდოს იმ მაქსიმალურ ზღვარზე მეტად, რაც უკვე შეთანხმებულია. ბრიუსელის შეფასებით, არაპროგნოზირებადი ტარიფები გლობალურ ბაზრებზე ნდობის შერყევას იწვევს და გაურკვევლობას ქმნის.