ფოტო: AP Photo/Dmitry Lovetsky
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან მიღებული თანხა ბოლო 12 თვის განმავლობაში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი უკრაინაში ომის მხარდასაჭერად დიდწილად სწორედ ენერგეტიკული სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს იყენებს. ეს დასავლეთის ქვეყნებს უბიძგებს, რუსულ საწვავზე მკაცრი სანქიცები დააწესონ, რათა ომში ქვეყნის სამხედრო ძალისხმევა შეამცირონ.
არაკომერციული ორგანიზაცია „ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის“ (CREA) მიერ გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის შემოსავლებმა ნავთობის, გაზის, ქვანახშირის და რაფინირებული პროდუქტების ექსპორტიდან 2026 წლის 24 თებერვლით დასრულებული 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ჯამში 193 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 27%-ით ნაკლებია უკრაინაში შეჭრამდე არსებულ პერიოდთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლიდან შემცირდა, სანქციებმა ჯერჯერობით ვერ შეამცირა რუსეთის ნავთობის ექსპორტის მოცულობა. თუმცა ამან მოსკოვი აიძულა, ნავთობი უფრო დაბალ ფასებში გაეყიდა. შედეგად, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა.
CREA-ის ცნობით, ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსეთის მიერ ნედლი ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 18%-ით შემცირდა. ამავდროულად, ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა შეჭრამდე არსებულ დონესთან შედარებით 6%-ით გაირზადა (215 მილიონი ტონა).
დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, მოსკოვმა საზღვაო ნედლი ნავთობის უმეტესი ნაწილი ჩინეთსა და ინდოეთში გადაამისამართა. ამისთვის კი დაძველებული, დაუზღვეველი ტანკერები გამოიყენა, რომლებსაც „ჩრდილოვანი ფლოტის“ სახელწოდების ქვეშ აერთიანებენ. თუმცა, ბოლო პერიოდში, დასავლური სანქციების გვერდის ავლის მიზეზით, უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა სანქციები „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგაც დააწესეს. მკაცრმა შეზღუდვებმა წელს შესაძლოა რუსული საწვავის ექსპორტზე უფრო მძიმე გავლენა მოახდინოს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების პირობად ქვეყნის მიერ რუსული ნედლი ნავთობის შეწყიდვის შეჩერება წამოაყენა.
ევროკავშირი კი განიხილავს ნებისმიერი ბიზნესის ფართომასშტაბიან აკრძალვას, რომელიც რუსეთის ნედლი ნავთობის საზღვაო გზებით ექსპორტს უწყობს ხელს. თუმცა ორშაბათს ბლოკმა ამ სანქციების მიღება ვერ შეძლო, რადგან მას უნგრეთმა ვეტო დაადო. ამის მიზეზი უკრაინის ნავთობსადენის დაზიანებასთან დაკავშირებული დავაა. უნგრეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინა „დრუჟბის“ ნავთობსადენის აღდგენას განზრახ აჭიანურებს.









